მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO საქართველოში $10 მილიონის ღირებულების პროექტს განახორციელებს

627627d2a5523
BM.GE
07.05.22 12:03
999
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ. ბაქოში გამართულ მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, ქიუ დონგუსს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერისათვის.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გამორჩეულია და, ვფიქრობ, ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს და საქართველოს ერთობლივი მიღწევების მნიშვნელობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. ENPARD-ის ფარგლებში, FAO-ს მიერ განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას. FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მზარდი პროგრესი სახეზეა. მნიშვნელოვანია, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ხარისხის ზრდისა და შენარჩუნების ტენდენცია. მისივე თქმით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტექნიკური და მეთოდოლოგიური მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ENPARD IV-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, FAO საქართველოში განახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის სრული ღირებულება 10 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები