მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EPA შტატებისთვის სასმელ წყალში ტყვიის შესამცირებლად $3 მილიარდს გამოყოფს

ტყვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) განცხადებით, მთავრობა $3 მილიარდს გამოყოფს შტატებისთვის, სასმელ წყალში ტყვიის შემცველობის შესამცირებლად.

EPA-ს განცხადებით, შტატებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება დამატებით $1.1 მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც აქამდეც იყო დაანონსებული და ქვეყანაში ტყვიის პრობლემასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად.

გამოყოფილი ფინანსები პირდაპირ მიემართება ტყვიის შემცველი მილსადენების პოვნისა და ჩანაცვლებისკენ, რადგან სწორედ ამ მილებით მიეწოდებათ სასმელი წყალი სახლებს, სკოლებსა და სხვა კერძო ობიექტებს.

სააგენტოს თანახმად, ტყვიის შემცველი მილები სასმელ წყალში ტყვიის მოხვედრის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. მძიმე მეტალის მიღებამ შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაზე, რადგან ის თავის ტვინის დაზიანებას და პოტენციურად, სიცოცხლის განმავლობაში ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს იწვევს.

“ეს ინვესტიცია წარმოადგენს EPA-ს ურყევ ერთგულებას, დაიცვას ამერიკელი ბავშვები სასმელ წყალში ტყვიის ზემოქმედების საფრთხისგან”, - განაცხადა EPA-ს ადმინისტრატორმა ლი ზელდინმა.

ბოლო დათვლებით, აშშ-ის მასშტაბით ტყვიის 9 მილიონამდე მილსადენი დღემდეა ექსპლუატაციაში, თუმცა, EPA-ს თქმით, მათი რაოდენობა 4 მილიონამდეა შემცირებული. ამ მილებს ვხვდებით 50-ვე შტატში; ზოგ ქალაქში კი განსაკუთრებით ბევრს. მაგალითად, ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს (NRDC) ინფორმაციით, 380 000-ს აღემატება ტყვიის შემცველი მილსადენების რაოდენობა ჩიკაგოში, 235 000-ს კლივლენდში, 112 000-ს კი - ნიუ-იორკში. გარდა ამისა, ქალაქების ნაწილში არაერთი ქსელია, რომელთა შემადგენლობაც ოფიციალურად უცნობია. შესაბამისად, შესაძლოა, რეალური რიცხვები გაცილებით მაღალიც იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები