მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექიმების სავალდებულო დაზღვევის შემოღებისთვის საქართველო ჯერ მზად არ არის“ - სანდრო ურუშაძე

62cef3482580e
ლიკა მეგუთნიშვილი
13.07.22 21:55
765
„ექიმების სავალდებულო დაზღვევის შემოღებისთვის საქართველო ჯერ მზად არ არის“ - ამის შესახებ BM.GE-სთან ჯანდაცვის საერთაშორისო სპეციალისტმა, სანდრო ურუშაძემ განაცხადა.

როგორც ურუშაძე ამბობს, ექიმების პროფესიული დაზღვევა ევროპის უამრავ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და საკმაოდ დიდი წარმატებით მოქმედებს, თუმცა, საქართველოში აღნიშნული პროექტის განხორციელება ჯერ ნაადრევია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ჯანდაცვისა და სასამართლო სისტემები ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ამასთანავე, პროგრამის დანერგვასა და მისი სწორად განხორციელების შესახებ, უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

„პირველი კითხვაა, როდესაც პაციენტი რეალურად გახდება ექიმის სამედიცინო შეცდომის მსხვერპლი, ვინ დადგება მის მხარეს სასამართლოზე? რამდენად არის მზად დღეს ჩვენი სამედიცინო საზოგადოება იმისთვის, რომ ღიად ვისაუბროთ შეცდომებზე, სასამართლო - იმისთვის, რომ ღიად დაადასტუროს ექიმის ბრალეულობა და საბოლოოდ პაციენტი არ დარჩეს მარტო თავის პრობლემებთან და მეორე მხარეს არ აღმოჩნდეს სასამართლოც, ექიმიც და სადაზღვევო ბიზნესიც. მეორე კითხვაა, რა ტიპის ექიმებზე გავრცელდება ეს დაზღვევა, როგორია ლიმიტები, როგორია გამონაკლისები, რა შეფასდება ექიმის გადაცდომად და რომელი ორგანო დაადგენს ამ ყოველივეს მიუკერძოებლად?! სანამ ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა, ექიმების სავალდებულო დაზღვევის პროგრამის დანერგვა წარმოუდგენელია“ - აცხადებს ურუშაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. მუშაობა ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, თუ საექიმო შეცდომის გამო პაციენტის ჯანმრთელობა ზიანის ქვეშ დგება, ის სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული დაზარალებულს ზარალს სრულად უნაზღაურებს, მედიკოსს კი ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგან იცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები