ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე, BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას აღნიშნავს, რომ საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია კორუფციის დონის შემცირება და გააზრება, რომ თუ სახელმწიფო მოხელე ბიუჯეტის ფულით მდიდრდება, ის ქვეყანას მომავალს პარავს.
“განვითარებას სჭირდება მეტი განათლება, მეტი სიყვარული ქვეყნისადმი და მეტი პატიოსნება. როდესაც გვესმის, რომ კორუფციამ თავი ისევ წამოყო, ვხედავთ, რომ სახელმწიფო მოხელეები მდიდრდებიან, ეს რასაკვირველია, დიდ იმედგაცრუებას იწევს.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა გაიაზროს, რომ თუ ბიუჯეტის ფულით მდიდრდება, ის პარავს თავის შვილების, თავის მეგობრებს, თავის ახლობლებს, პარავს ქვეყანას მომავალს - ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. და ჩემი წარმოდგენით, პირველი, ვინც კორუფციაზე უარი უნდა თქვას და არავითარი რისკი და ეჭვი არ არსებობდეს მასთან დაკავშირებით, არის ჯანდაცვის სამინისტრო”, - აცხადებს სანდრო ურუშაძე.
წამყვანის კითხვაზე, რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში, ჯანდაცვის ექს-მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრის მიუღებლობა უნდა დასრულდეს.
“წერტილი უნდა დაესვას ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, ერთმანეთის დადანაშაულებას და თითის გაშვერას. უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა. ოპოზიცია, განსხვავებული აზრი არ ნიშნავს მტერს - ეს არის საბჭოთა ტოტალიტარული, კომუნისტური იდეოლოგია. პირიქით, თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, ეს პირველ რიგში განსხვავებული აზრის პატივისცემასა და მოთმენას ნიშნავს, ზოგჯერ იმ ხალხთან თანამშრომლობასაც, ვინც დიდად შეიძლება არ გეხატებოდეს გულზე”, - განაცხადა სანდრო ურუშაძემ BMGTV-ის ეთერში.