მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის ახალი მინისტრის ხედვა და არა - ვის ოჯახში გაიზარდა - სანდრო ურუშაძე

სანდრო ურუშაძე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სანდრო ურუშაძის მოსაზრებით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს გამოცდილება და საკუთარი ხედვა უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანია ადამიანს ამ სფეროში გამოცდილება/ცოდნა და საკუთარი ხედვა ჰქონდეს. იგი უნდა შევაფასოთ არა გვარით და სახელით და ვის ოჯახში გაიზარდა, არამედ უნდა ვიცოდეთ, რა ხედვა აქვს და როგორ აფასებს არსებულ შეცდომებს“, - განაცხადა მან.

ამასთან, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ახალ მინისტრთან რჩევებიც აქვს.

„ამ ადამიანს [ახალ ჯანდაცვის მინისტრს] ერთ მარტივ რაღაცას ვურჩევ, რომელიც ადვილი შესასრულებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრ სასიკეთოს მოიტანს ჩვენი სექტორისთვის: კარგი იქნება თუ სამინისტრო მიეჩვევა მიღებულ წერილებზე პასუხის მალე გაცემას. მიეჩვევა, რომ რეგულაციები იყოს არა იმისთვის, რომ ვიღაც დასაჯონ და დააჯარიმონ, არამედ იმუშაონ და ითანამშრომლონ სამედიცინო დაწესებულებებთან რომ რაღაც გამოსწორდეს - ეს შეიძლება იყოს სწორი რეკომენდაციების მიცემით. თუ რამე გამოსასწორებელია ცხადად და გასაგებად გვითხრან, რა არის გასაკეთებელი და შიშით არ უნდა ელოდებოდეს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელი მარეგულირებლის შესვლას. ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაცია, ეს უნდა იყოს თანამშრომლობა, რომელიც ხარისხის გაუმჯობესებასა და პაციენტის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და ერთობლივად გადაწყვეტილებების მიღება. მარტო ჯარიმებით და რეპრესიული მეთოდებით მარტო იმით, რომ მე ყველაფერი ვიცი და შენ ვინ გეკითხება, ამით არც ქვეყანა აშენდება და არც ჯანდაცვის სექტორი“, - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრა 29 თებერვალს გამართა, რის შემდეგაც მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ 1 მარტს გაავრცელა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრი პოსტიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო მოხსნა. ირაკლი კობახიძემ, დღეს უკვე ყოფილ მინისტრს მართვის სტილი და დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ფორმები დაუწუნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 მარტიდან ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ 1 მარტს მედიასთან კომუნიკაციისას განაცხადა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის შერჩევა ფართო კონსულტაციებით მოხდებოდა, რაშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები