მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრს 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე წარადგენს

ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი რამდენიმე კანდიდატს შორის შეარჩია.

„მე ვიცი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ ორ ასევე მაღალ პოზიციაზე მიღებულია და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი თავად განაცხადებს, ჩემი აზრით, მთავრობის სხდომაზე. ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა, ამაში 2-3 ადამიანი არ იყო ჩართული. გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შესახებ არ და ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერის პრეროგატივაა. საბოლოო ჯამში მან პარტიულადაც და ჩვენთან - პარლამენტის წარმომადგენლებთან გაიარა კონსულტაცია და საბოლოო კანდიდატი რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანიდან ამოარჩია და მიიღო გადაწყვეტილება. როგორც ვიცი, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურად 3-4 ადამიანი განიხილებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრა 29 თებერვალს გამართა, რის შემდეგაც მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ 1 მარტს გაავრცელა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრი პოსტიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო მოხსნა. ირაკლი კობახიძემ, დღეს უკვე ყოფილ მინისტრს მართვის სტილი და დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ფორმები დაუწუნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 მარტიდან ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ 1 მარტს მედიასთან კომუნიკაციისას განაცხადა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის შერჩევა ფართო კონსულტაციებით მოხდებოდა, რაშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები