მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ჭიათურის სკოლის მოსწავლე ვარ, ქუთაისში უნდა ჩავიდე, რომ მე-12 კლასი დავასრულო?! - ლიკა ღლონტი

ლიკა ღლონტი

არ შეიძლება, ერთ ქვეყანაში არსებობდეს საშუალო განათლების ორი ატესტატის სისტემა“, - ასე ეხმაურება უმაღლესი განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი ქართული ოცნების“ მთავრობის გეგმას, რომელიც 12-წლიანი სწავლების გაუქმებას და 11-წლიან მოდელზე დაბრუნებას შეეხება.

„რას გვეუბნება ირაკლი კობახიძე?! - რომ არსებობს 11-წლიანი საშუალო განათლება, რომელიც იქნება ეროვნული სასწავლო გეგმების განხორციელებაზე ორიენტირებული და მისი დასრულების შემდეგ ადამიანს შეეძლება ან შრომის ბაზარს შეერწყას (ჯერ ერთი, რა შრომის ბაზარს ერწყმება 17 წლის მოზარდი, რომელსაც განათლება არ აქვს მიღებული, მაგრამ მაინც) ან თუ უნდა, კიდევ ერთი წელი დაიმატოს. ერთი და იგივე ატესტატს მიიღებს ეს ხალხი?! როგორი საშუალო განათლების დიპლომი გვექნება?! „ა კლასის“ და „ჭ კლასის“ მოქალაქეები გვეყოლება?!“, - კითხვებს სვამს ლიკა ღლონტი.

საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, 12-წლიანი სწავლება სრულად არ გაუქმდება და კერძო სკოლებს მიეცემათ უფლება, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, ხოლო საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურს, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისის თითოეულ რაიონში, მე-12 კლასის დასამთავრებლად შესაბამისი სპეცკლასები შეიქმნება.

ლიკა ღლონტს მიაჩნია, რომ ორი მოდელის არსებობა განათლების სისტემაში უდიდეს არეულობას“ შექმნის და სერიოზულ უთანასწორობას ქმნის როგორც შიდა, ისე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.

სკოლის დიპლომთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. იურიდიულად როგორ გადაწყდება ეს საკითხი, საინტერესოა... ასევე, თუ მე ჭიათურაში ან საჩხერეში ვსწავლობ და მინდა, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ქუთაისში უნდა ჩავიდე, რომ მე-12 კლასი დავამთავრო?! როგორ შეიძლება გლობალურ სამყაროში ადამიანს შეუზღუდო სწავლაზე ხელმისაწვდომობა და სოციალური ნიშნით დაყო“?! - კითხვას სვამს განათლების ექსპერტი და ყურადღებას ამახვილებს განათლების რეფორმის კონცეფციის ავტორების პირად მაგალითებზე.

ძალიან მაინტერესებს, საკუთარი შვილები რომელ სკოლებში დაჰყავთ, ყველანი კერძო სკოლების მოსწავლეები არიან და საზღვარგარეთაც სწავლობენ; [ირაკლი კობახიძე რომ გვეუბნება], თითქოს საზღვარგარეთ სწავლას მინუსები აქვს - თვითონ სად დაიცვა დისერტაციები?! ეს ცინიკური და თავხედური მიდგომაა და კრიტიკას ვერ უძლებს“, - აცხადებს ის.

ლიკა ღლონტის შეფასებით, 12-წლიანი სწავლების მოდელის გაუქმების საკითხი მხოლოდ ევროპული განათლების სისტემაში ინტეგრაციისთვის არ შექმნის ბარიერს - მისი თქმით, პრობლემა უფრო ღრმა და ადამიანის განვითარების ფაზებს ეხება.

ექსპერტების შეფასებით, 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე დაბრუნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას გაართულებს, რადგან ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტია.

ევროპელებს რომ აქვთ 12-წლიანი და ბევრ ქვეყანაში 13-წლიანი საშუალო განათლება - გიჟები კი არ არიან. ეს არის პიროვნების ზრდისთვის, სოციალური სიმწიფისთვის აუცილებელი ცოდნის დაგროვების ეტაპი, ამიტომ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თურმე მე-12 კლასში ისედაც არ დადიან მოსწავლეები, ძალიან სუსტი და არაკომპეტენტურია... ამ ლოგიკით მე-11 კლასშიც აღარ ივლიან“, - თქვა მან.

ცნობისთვის: გუშინ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა ირაკლი კობახიძემ 11-წლიანი სწავლების მოდელის ერთ-ერთ უპირატესობად სამუშაო ძალის 30 000-ით გაზრდაც დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები