მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

ჰამო

ქართული ტანსაცმლის ბრენდი „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა მარიამ თავბერიძემ BM.GE-ს განუცხადა, წელს ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ბრენდის ექსკლუზიურ კოლექციებზე, რომელთაგან ერთი ნივთის ფასი, როგორც წესი, 1 000 ლარს აღემატება.

მისი თქმით, მომხმარებლის ინტერესის ცვლილებამ ბრენდის საწარმოო პროცესზეც იმოქმედა. „ჰამო“ კვლავ ლიმიტირებულ კოლექციებსა და გამორჩეულ დიზაინებზეა ორიენტირებული, თუმცა მომხმარებლების ნაწილი უკვე ინდივიდუალურად მათზე მორგებულ სამოსს ამჯობინებს.

„ჩვენ მასობრივი წარმოების კომპანია არასდროს ვყოფილვართ. ყოველთვის გვქონდა შეზღუდული რაოდენობის კოლექციები და გამორჩეული დიზაინები. ახლა კი უფრო მეტად დავინახეთ ისეთი სამოსის საჭიროება, რომელიც კონკრეტულად ერთ ადამიანზეა მორგებული და მის სურვილებს ითვალისწინებს“, - განმარტავს მარიამ თავბერიძე.

ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი დიზაინერთან კონსულტაციას გადის, რის შემდეგაც განისაზღვრება სამოსის დიზაინი, ფერი, ქსოვილის ტექსტურა და სხვა დეტალები. მზადდება ესკიზი და შემდგომ სამოსის ნიმუში, რომლის შექმნის პროცესშიც შესაძლოა საწყისი ჩანაფიქრი შეიცვალოს.

„შეიძლება ადამიანი მოვიდეს საქორწინო სამოსისთვის ან უბრალოდ განსაკუთრებული დღისთვის. ერთად ვარჩევთ ფერს, ქსოვილის ტექსტურას და სხვა დეტალებს. შემდეგ უკვე მუშაობის პროცესში ვხვდებით, რა შეიძლება შეიცვალოს ან დაემატოს, რომ საბოლოო შედეგი მაქსიმალურად შესაბამისი იყოს“, - ამბობს თავბერიძე.

მისივე ინფორმაციით, ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით ამ ეტაპზე ძირითადად ქართველი მომხმარებლები აქტიურობენ. უცხოელი მომხმარებლებისთვის ამ ტიპის მომსახურების დისტანციურად გაწევა შედარებით რთულია. ამასთან, გაიზარდა „ჰამოს“ პროდუქციის წარმოების ხარჯები. ბრენდი ძირითადად ნატურალურ ქსოვილებს იყენებს, რომელთა საქართველოში მოძიებაც, კომპანიის შეფასებით, რთულია. ამის გამოც კი მასალების ნაწილის უცხოეთიდან შემოტანა და განბაჟება უწევთ.

„ნატურალური ქსოვილების მოძიება საქართველოში საკმაოდ რთულია და ამიტომ მათი ჩამოტანა გვიწევს. ამას ემატება განბაჟების ხარჯიც. როცა გინდა, რომ პროდუქტი ხარისხიანი და ნატურალური იყოს, ეს ყველაფერი საბოლოო ღირებულებაზეც აისახება. უფრო კონკრეტულად, გაზრდილი ხარჯების შედეგად პროდუქციის ფასი დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, ამ ეტაპზე კომპანიის საწარმოში ორი მკერავი და ერთი კონსტრუქტორი მუშაობს. დიდი შეკვეთების შემთხვევაში „ჰამო“ დამატებით ადამიანურ რესურსსაც იყენებს.

„ჰამომ“ ბაზარზე ოპერირება 2020 წელს დაიწყო. ბრენდი სხვადასხვა სტილის ტანსაცმელს აწარმოებს და მის ერთ-ერთ მიმართულებას იოგასთვის განკუთვნილი სამოსიც წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები