ქართული ბრენდი „პარიკების ოთახი“ რეგიონებში გაფართოებას გეგმავს. კომპანიის შემდეგი ფილიალის გახსნა დასავლეთ საქართველოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული ლოკაცია ამ ეტაპზე არ სახელდება. ამასთან, პარალელურად, ბიზნესი საწარმოს გაფართოებასა და თანამშრომელთა გადამზადების მიმართულებით მუშაობს.
როგორც „პარიკების ოთახის“ დამფუძნებელმა გვანცა ინასარიძემ „ქალების ნარატივის” ეთერში განაცხადა, რეგიონებში გაფართოების საჭიროება მომხმარებელთა მოთხოვნამაც განაპირობა. კომპანიის შეფასებით, მომხმარებელთა ნაწილს პროდუქციის შეძენა მანძილისა და დროის გამო უჭირს, რის გამოც ფილიალების დამატება ბიზნესის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„რეგიონალურად განვითარებაზე ვფიქრობთ და გვაქვს გეგმები, რომ ახლო მომავალში დასავლეთ საქართველოში ჩვენი ახალი ფილიალი იხილოთ. ჩვენი მომხმარებელი თითქოს ვეღარ ითმენს. კერძოდ, როდესაც რაღაც სიახლეს დავაანონსებთ, უკვე თვითონ ჩატში გვახსენებენ, როდის ჩამოხვალთო“, - განაცხადა გვანცა ინასარიძემ, თუმცა პროექტის შესახებ მეტი დეტალი, მათ შორის ფილიალისთვის საჭირო ინვესტიცია არ დაუსახელებია.
ფიზიკური ფილიალების გაფართოების პარალელურად, კომპანია ვებსაიტის განახლებაზეც მუშაობს. დაგეგმილი ონლაინ სერვისის საშუალებით მომხმარებლებს პარიკების დისტანციურად შერჩევა და ვირტუალურად მორგება შეეძლებათ, რაც პროდუქციის შეძენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდანაც გაამარტივებს.
გაფართოების გეგმები საწარმოსაც უკავშირდება. დამფუძნებლის თქმით, კომპანია წარმოების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზრდას, დანადგარების განახლებასა და ახალი თანამშრომლების მომზადებას გეგმავს. ამასთან, განიხილება სახელმწიფო გადამზადების კურსების დამატებაც, რაც დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.
„ჩვენი საწარმო გარდაბნის რაიონში, სოფელშია. ჩვენთვის საამაყო ფაქტია, რომ ქალბატონებს, რომელთაც თავდაპირველად არ ჰქონდათ ამ საქმის დასაწყებად და შესასრულებლად საჭირო უნარები და გამოცდილება, შევასწავლეთ პროფესია და დასაქმების პერსპექტივა შევუქმენით“, - აღნიშნა ინასარიძემ.
მისივე თქმით, თითოეული პარიკის დამზადება რამდენიმე ეტაპს მოიცავს და პროდუქტი წარმოების პროცესში არაერთი ადამიანის ხელში გადის. შესაბამისად, საწარმოს გაფართოება ახალი თანამშრომლების ჩართვასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებასაც მოითხოვს. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, „პარიკების ოთახში“ ამჟამად 25 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი გუნდის ზრდა ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მიმართულება იქნება.
ბრენდის მომხმარებლებს შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები და ალოპეციის მქონე ადამიანები. ამასთან, კომპანია ცდილობს, პარიკებისა და თმის სხვა პროდუქტების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო საჭიროებებს არ დაუკავშირდეს. პროდუქციას ესთეტიკური მიზნებითაც იყენებენ, მათ შორის თეატრებსა და კინოსტუდიებში.
„არ მინდა, მარტო ავადმყოფობასთან ასოცირდებოდეს პარიკის მოხმარება. ჩვენთან არის სხვადასხვა ესთეტიკური მიმართულების პროდუქტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს - ტელევიზიაში, თეატრში და სხვა სფეროებში“, - განაცხადა გვანცა ინასარიძემ.
„პარიკების ოთახი“ ბუნებრივი კავკასიური თმით პარიკებს აწარმოებს. კომპანიის განვითარების გეგმები მოიცავს რეგიონული ქსელის გაფართოებას, საწარმოო პროცესების გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
























