ქართული პარიკების მწარმოებელი ბრენდის „პარიკების ოთახის“ გაყიდვები წლიდან წლამდე საშუალოდ 30%-ით იზრდება. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, კომპანიამ შიდა პროცესების გაციფრულება დაიწყო და ამჟამად ვებსაიტის განახლებაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები პარიკების ონლაინ შერჩევასა და ვირტუალურად მორგებას შეძლებენ.
როგორც ბრენდის დამფუძნებელმა გვანცა ინასარიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, გაციფრულების საჭიროება მომხმარებელთა მომართვიანობის ზრდამ და მათთან დროული კომუნიკაციის სირთულემ განაპირობა.
„იმდენად გაიზარდა მოთხოვნა და მომართვიანობა ჩვენს პროდუქტებზე, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებდით დროულ და სწრაფ კომუნიკაციას მომხმარებელთან, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნიდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პროცესების გაციფრულების, რამაც ხელი შეუწყო მომხმარებელთან კომუნიკაციის სისწრაფეს და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გვანცა ინასარიძემ.
მისივე თქმით, განახლებულ პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და ჩატბოტის ინტეგრაციაც იგეგმება, რაც მომხმარებლებს პროდუქციის შერჩევასა და საჭირო ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს. დამფუძნებლის შეფასებით, ბრენდის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მომხმარებელთა უკუკავშირს აქვს - ცვლილებების დაახლოებით 70% სწორედ მათი ინიციატივით განხორციელდა.
„ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, ვუსმენთ მათ საჭიროებებს, მათ ტკივილებს და სწორედ იმ საკითხებზე ვმუშაობთ, რა შეიძლება გამოვასწოროთ, რას არ ვაკმაყოფილებთ“, - აღნიშნა ინასარიძემ.
კომპანიის მომხმარებლები საქართველოს ფარგლებსაც სცდება. დამფუძნებლის ინფორმაციით, „პარიკების ოთახი“ პროდუქციას ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნის, უცხოელ მომხმარებელთა რაოდენობა კი უკვე რამდენიმე ათასს ითვლის. მისივე თქმით, ბრენდს პოტენციური მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დახმარებითაც პოულობენ.
ინასარიძის განცხადებით, მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლებთან ჩამოყალიბებული ნდობა და მათთვის მიცემული დაპირებების შესრულება.
„ჩვენთვის მატერიალურ თვალსაზრისზე მნიშვნელოვანი ადამიანების ნდობის მოპოვებაა. ეს ნდობა იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, რომ ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა მან.





















