ქართული ბრენდი „პარიკების ოთახი“ ექსპორტისთვის ემზადება. კომპანია პოტენციურ ბაზრებსა და პარტნიორებს იკვლევს, ასევე აფასებს საკუთარ საწარმოო შესაძლებლობებს. დამფუძნებლის, გვანცა ინასარიძე ამბობს, რომ მომდევნო წელს ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გეგმებზე უფრო კონკრეტულად ისაუბრებს.
როგორც ინასარიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ექსპორტის გაფართოებისთვის აუცილებელია როგორც საწარმოო სტანდარტების დაკმაყოფილება, ისე შესაბამისი სერტიფიკატების მიღება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
„ექსპორტი არ არის მარტივი პროცესი. აქ ძალიან რთული გზის გავლა გიწევს, თუნდაც საწარმოო ხარისხის დასაკმაყოფილებლად, რომ გარკვეული სერტიფიკატები აიღო, და საკმაოდ დიდ ბიუჯეტთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. უნდა განსაზღვრო, რისი შესაძლებლობა გაქვს პირველ რიგში, რა წარმადობა გაქვს და რომელ კომპანიასთან შეიძლება დაპარტნიორდე. ეს საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი კომპანიისთვის“, - აღნიშნა დამფუძნებელმა.
საექსპორტო შესაძლებლობების ზრდისთვის „პარიკების ოთახი“ საწარმოო პროცესების გაუმჯობესებასაც გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ბიზნესმა ახალი საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა, რომელიც დანადგარების განახლებასა და წარმოების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.
გვანცა ინასარიძის შეფასებით, ახალი ტექნოლოგიები წარმოების პროცესების დაჩქარებას და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვისაც მნიშვნელოვანია.
„ახლახან გავხდით კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროექტის გამარჯვებული, რაც ჩვენი დანადგარების განახლებასა და გამრავალფეროვნებას, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით ცოდნის მიღებას გულისხმობს. ვფიქრობ, ეს ძალიან დააჩქარებს პროცესებს, როგორც ექსპორტის მიმართულებით, ასევე ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა მან.
კომპანიისთვის ნედლეულის მოპოვება საქმიანობის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. დამფუძნებლის თქმით, თავდაპირველად საჭირო თმას საკუთარი რესურსებით აგროვებდნენ, მოგვიანებით კი პროცესში სალონები და სტილისტები ჩართეს. მათგან შესყიდული თმა დეზინფექციას გადის, შემდეგ კი საწარმოში მუშავდება.
























