მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპერტების დასკვნით, შოვში კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიას ვერ შეაკავებდა - ბითაძე

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას რომ ამომწურავი პასუხი გასცემოდა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეფასების პროცესში ჩართო შვეიცარიელი ექსპერტები, რომელთაც ევროპის მასშტაბით მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად გამოყო ყველა ის საკითხი, რომელთა თაობაზეც მისი თქმით, დაუსაბუთებელი მოსაზრებები ვრცელდება. ბითაძის თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე, მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდინარე ჭანჭახზე (რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. უცხოელი ექსპერტების დასკვნით შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზად დასახელდა კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, რამაც გამოიწვია მყინვარი ბუბას სათავეებში 1 მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოშლა, რამაც ხელი შეუწყო ჯამში 4 მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას.

დაუშვებელია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება - სამინისტროს რეკომენდაცია შოვის სტიქიის არეალზე

მეორე საკითხი, რომელზეც მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმაა, რომელიც თითქოს სტიქიის ერთ-ერთი მიზეზი იყო. მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება. მით უფრო, რომ იმ ტერიტორიაზე ტყე არ არის.

„საზოგადოებაში ამბობდნენ, რომ თითქოს კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს და არ ექნებოდა ასეთი დამანგრეველი შედეგები. შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში, კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა. მსოფლიოში ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სწორი სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს. ასევე ამბობდნენ რომ თითქოს განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია ხშირ შემთხვევაში თეორიულადაც კი შეუძლებელია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ბრიფინგზე ასევე ისაუბრა შვეიცარიელი ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, რომლის შესაბამისადაც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. „ასევე შესაძლებელია დეტალური კვლევების საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევაში მონიტორინგისა და გაფრთხილების კომპლექსური სისტემების გამოყენებაც. ექსპერტების რეკომენდაციით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ასევე, აღნიშნულ ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები