შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია - ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული გასული წლის აგვისტოში, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.
„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება“, - წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებული არ არის მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება.
ამასთან, მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ხოლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.
„ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“, - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტზე 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 და დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.