მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვითარებაა შოვში სტიქიის შემდეგ? - რწმუნებულის პასუხი

სიმეტრი

რა ვითარებაა რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე, ბუბასწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიიდან 10 თვის შემდეგ? - BMG-ს ამ კითხვას რაჭის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე პასუხობს. მისი თქმით, ადგილზე ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს და განიხილება მიმდებარე სოფლებში სივრცითი მოწყობის გეგმაც.

“ამ ეტაპისთვის შოვში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები, ნაპირსამაგრი სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, ექსპერტების მხრიდან გაკეთდა დასკვნა, რომლის თანახმადაც, სტიქიის გავრცელების არეალში ყველა ტიპის მშენებლობა არის აკრძალული, თუმცა შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლებში - გლოლაში, ჭიორაში, უწერაში - მიმდინარეობს სივრცითი მოწყობის გეგმის განხილვა და მოლაპარაკებები, შემდგომში თუ როგორი სახით უნდა გადანაწილდეს ის ინვესტიციები, რომლებიც შოვის ტერიტორიისთვის იყო განსაზღვრული”, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მისი განმარტებით, შოვის განვითარების პროექტით გათვალისწინებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურისთვის ალტერნატიული ადგილის შესარჩევად სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის, უსაფრთხოების განსაზღვრის კუთხით.

2024 წლის დასაწყისში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

შოვში, მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები