„ასეთი ტიპის მოვლენების პრევენცია ერთადერთია: არ ააშენო იქ, სადაც არ შეიძლება“, - ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ შოვში, გასულ წელს მომხდარი სტიქიის პრევენციის შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სამშენებლო ნორმები და წესები უნდა გამკაცრდეს, თუ კი ეს ასე არ მოხდა, მაშინ სტიქიის შედეგების პრევენცია შეუძლებელი იქნება.
„ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ შემოვიღოთ მშენებლობის ახალი სტანდარტები. ყველას ეშინია, როგორ შემოვიღოთ, დეველოპერები გაგვიბრაზდებიანო, უკაცრავად, მაგრამ აღარ მაინტერესებს, იმიტომ რომ საფრთხეა. ეს რეგიონი არის მძიმე“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მისივე თქმით, გარდა სამშენებლო ნორმების გამკაცრებისა, საჭიროა ერთიანი სისტემის არსებობა და გეოლოგიური სამსახურები.
„როცა სტიქიის ზონა ცხადდება და ამბობენ, რომ საფრთხე არის, უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ამაზე რეაგირებს. სისტემა რომ გვქონოდა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან დაწყებული, მოსახლეობის ჩართულობით დამთავრებული, ყველა ამ სისტემაში იქნებოდა. ჩვენ არ გვაქვს არც სისტემა და არც გეოლოგიური სამსახურები, რომლებიც მუშაობდნენ და გავაუქმეთ. 50-მდე გეოლოგი იჯდა თითოეულ რაიონში და აკეთებდნენ მუდმივ მონიტორინგს, თან მაშინ სტიქიური მოვლენები ასეთი გახშირებული არ იყო. დღეს არის ძალიან საგანგებო მდგომარეობა“, - აღნიშნა სპეციალისტმა.
ამასთან, ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ შოვის გენგეგმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შოვის სტიქიის შესახებ მომზადებული შეფასების დოკუმენტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს. როგორც გარემოს დამცველმა აღნიშნა, სტიქიის არეალში შოვის გენგეგმის მიხედვით, იურიდიულად, მშენებლობები დაშვებულია, მაგრამ დასკვნის დოკუმენტი ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაუშვებლად მიიჩნევს.
შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტზე 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 და დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.