2023 წლის 3 აგვისტოს შოვში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიის შესახებ გარემოს დაცვის სააგენტომ შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარემ 18-24 მ/წმ შეადგინა, შესაბამისად, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, ღვარცოფულ ნაკადს, 7.5-10 წუთში უნდა მიეღწია.
ანგარიშის თანახმად: „მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა, სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად“.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა, უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკვე არსებული წინასწარი გაფრთხილების სისტემები, შოვის ტრაგედიის დროს ვერ იმუშავებდა.
“პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამ სტიქიური მოვლენის წინასწარი პროგნოზირება. ეს ფოტომასალითაც დასტურდება. ადგილზე განხორციელდა ექსპედიცია, დაფიქსირდა ნაპრალებში მყინვარული მასები, რომლის დნობის შედეგადაც მოხდა კლდეზვავის განვითარება. ამის წინასწარი პროგნოზირება დროის თალსაზრისით, შეუძლებელია, ასეთი რამ არ არსებობს.
რაც შეეხება განგაშის სისტემას, მას სჭირდება სპეციალური გათვლა და გაანგარიშება. ის, რომ სტიქიური მოვლენა 7 წუთში განვითარდა, არ ნიშნავს იმას, რომ განგაშის სისტემა 7 წუთით ადრე შეგვატყობინებდა მის შესახებ. ეს დამოკიდებულია ადგილზე, გეომორფოლოგიაზე, კონკრეტულ სისტემაზე, სიგნალის გადაცემასა და განვითარებულ პროცესებზე, რაც კომპლექსური პროცესია. სწორედ ამ პროცესების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ვერც ერთი არსებული სისტემა, ამ შემთხვევაში ეფექტური ვერ იქნებოდა. შეუძლებელია, არსებობდეს სისტემა, რომელიც კლდეზვავის წამოსვლის თანმხლებ ყველა სხვა მოვლენაზე ერთად გააკეთებდა განგაშს”, - აცხადებს გედევანიშვილი.
მიმდინარე კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მეწყრის მონიტორინგის სისტემები 18 ლოკაციაზე უკვე არსებობს. კითხვაზე, რატომ არ იყო ის შოვის ტერიტორიაზე მოწყობილი მაშინ, როდესაც გასულ წლებში წყალდიდობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, გედევანიშვილი განმარტავს, რომ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება წარმოუდგენელი იყო.
“შოვში, ჩვენი ისტორიული ფონდებიდან და ჩანაწერებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის პროცესებს ადგილი არასდროს ჰქონია. ვერც კი დავუშვებდით, რომ შეიძლებოდა მსგავსი ტიპის სტიქიას ჰქონოდა ადგილი, ამიტომ იქ რაიმე ტიპის რეკომენდაციას ან შესწავლას არ ჰქონია ადგილი. წყალდიდობა სხვა ტიპის სტიქიაა, ეს არ არის დაკავშირებული კლდეზვავთან. იქ იყო მყინვარის დნობა, ზვავი და ბევრი სხვა პროცესი ერთდროულად, რისი პროგნოზიც შეუძლებელი იყო”, - განმარტავს სააგენტოს უფროსი.
გედევანიშვილი მედიასთან ასევე აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე, სადაც გასულ წელს სტიქია მოხდა, ნებისმიერი ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება დაუშვებელია.