“სამაშველო ოპერაციის დაგვიანებაზე აქცენტის გაკეთება არასწორი შეფასება და სიცრუეა”, - ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შოვის ტრაგედიის დროს ადგილზე ვერტმფრენის 3 საათის დაგვიანებით ჩასვლაზე დასმული კითხვები, რომლებიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისი მოსმენისას დაუსვეს. მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენის ჩასვლის დროიდან არ იწყება.
“ შესაძლებელი გახდა სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა, შესაბამისად, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტის გაკეთება არასწორი შეფასება და სიცრუეა.
ნახევარ საათში ჩავიდა პირველი და მეორე სამაშველო ჯგუფი, შემდეგ დაემატა ამბროლაური და ონის ჯგუფები, 3 საათში ჩაფრინდა ვერტმფრენი, გეთანხმებით. სამაშველო ოპერაცია მაშინ იწყება, როცა ვერტმფრენი ჩაფრინდება თუ როცა ცოცხალი ძალა ჩავა და იწყებს ღონისძიებას?! მაინცდამაინც ვერტმფრენზე რატომ გაქვთ აქცენტი?! ვერტმფრენის ჩაფრენიდან იწყება ოპერაციის ათვლა - ეს არის არასწორი. შეიძლებოდა, ვერტმფრენი საერთოდ ვერ ჩაფრენილიყო, ამინდი არ ყოფილიყო და იქ უბრალოდ ტექნიკას ემუშავა, რეალობა ესაა, გინდათ რომ სიცრუეში შეიყვანოთ ადამიანები, ამის თქმა არ შეიძლება. ღონისძიება დაიწყო 28 წუთში და არა 3 საათში”, - აცხადებს ვახტანგ გომელაური.
შოვში მომხდარი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 დღეა გასული. ტერიტორიაზე 33-ე ადამიანის, არასრულწლოვანი ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.