საქართველოს მთავრობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანას განიხილავს - შესაბამისი ტექნიკური კვლევები ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით უკვე მიმდინარეობს. დღეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა ვაზიანში ახალი აეროპორტის გადატანის საკითხზე ჰკითხა, რაზეც ჩიქოვანმა უპასუხა, რომ კვლევები მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტების წინასწარი შეფასებით ამ მხრივ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ იკვეთება.
"სპეციალისტებმა ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს იქ ვაზიანის აეროპორტის მოდერნიზაცია. ასევე ხელსაც არ შეუშლის იქ ჩვენი საწვრთნელი ბაზა ფრენებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკურობის მიზანშეწონილობის კვლევა, რომელზეც დადგინდება არამხოლოდ ეს არამედ სხვა საკითხებიც და ამის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. პირველადი პოზიცია რომელიც გააჩნიათ ექსპერტებს აქ რაიმე შეფერხების მხრივ არაა", - განაცხადა ჩიქოვანმა.
2023 წლის ზაფხულში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პოტენციალი შეზღუდულია რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ავიაციის სექტორის განვითარებისთვის ახალი აეროპორტი ააშენოს. შემდგომში დაზუსტდა, რომ საუბარია ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზებაზე, რისთვისაც 2023 წლის 5 ივნისის N1054 განკარგულებით შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შესაბამისი კვლევების ორგანიზებაზე მუშაობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.
ახალი აეროპორტის ვაზიანში გადატანა თბილისიდან აეროპორტამდე მგზავრობის სიგრძეს 16 კილომეტრით გაზრდის.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ თუ ვაზიანის აეროპორტი აშენდება, თბილისს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რაც როგორც ჩანს პროექტის პირველადი შეფასებით დგინდება.