მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპერტიზას დიდი დრო სჭირდება. დასკვნა ჯერ არ არის|მამუკა მდინარაძე სუს-ის მიერ ფასების მოკვლევაზე

მამუკა მდინარაძე

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ფასწარმოქმნის მოკვლევაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა ჯერ მზად არაა. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, bmg-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ გასული წლის ბოლოს სუს-მა სურსათის ფასების საკითხი დეტალური შესწავლა დაიწყო. „ფასების კომისიის“ შექმნას და ასევე, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის ვიდეო-განცხადება, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები „გადაჭარბებული ფასნამატით“ მუშაობდნენ. მეტიც, კომპანიებს შორის კარტელური გარიგებების არსებობაც არ გამორიცხა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი, რათა დაედგინათ, ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც.

იმ ფონზე, რომ უკვე ცნობილია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა, bmg დაინტერესდა, რა ეტაპზეა სუს-ის შესაბამისი გამოძიება, რაზეც მდინარაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ დასკვნა 1-2 თვეში ვერ დაიდებოდა.

მდინარაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, სუს-ის დასკვნა საჯარო იქნება.

"დავაზუსტებ, რომ როგორც კი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ამასთან დაკავშირებით პირველივე დღეებში, მაშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ გამოძიება შეეხებოდა ფასწარმოქმნის პროცესს და შესაბამის კომპონენტებს და არა ვთქვათ რაიმე საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას ან ა.შ.

ბუნებრივია, აქ არის ერთი მთავარი მტკიცებულება, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოძიებამ დადოს, ეს არის შესაბამისი ექსპერტიზა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი დროს სჭირდება. ამდენი ქსელისგან ამოღებული ელექტრონული დოკუმენტაცია მუშავდება და ეს რომ 1-2 თვეში დაგვედო, ეჭვის საფუძველი უნდა გაგჩენოდათ, იტყოდით, რომ შეუძლებელია ამხელა დოკუმენტაციის გადამუშავება 1 და 2 თვეში. ეს დასკვნა ჯერ არ არის, უსაფრთხოების სამსახური ელოდება ექსპერტიზის დასკვნას. არ მგონია, ისეთი რამ იყოს, რაც შეიძლება საიდუმლო დოკუმენტად აღიქვას, ეს დასკვნაც იქნება გამოქვეყნებული და სავარაუდოდ სუს-ის მიერ გასაჯაროვდება"- თქვა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში იქნება: "უახლოეს მომავალში ჩვენ შევიმუშავებთ და ეს თემა თითქმის ფინალშია გასული კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება კონკრეტული ანალოგია ევროპული პრაქტიკის. ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შევეცდებით, შედარებით მოკლე და საშუალოვადიან პერიოდთან მიმართებით გადაწყვეტილებები მივიღოთ, ხოლო გრძელვადიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე გახმოვანდა, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსთან მიმართებით და ა.შ. და დასკვნაშიც აისახა, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს სახელმწიფომ, რომ მოხდეს ფასების მცირედით შემცირება და მერე დასტაბილურება",- აღნიშნა მან.

"ფასების კომისიის" დასკვნამ "გადაჭარბებულ ფასნმატზე" პრემიერის ეჭვები გააქარწყლა|უცნობია, რა დაასკვნა სუს-მა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები