მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონალინ, B2B ფორმატში გამართავს

5fbfc6ad166cb
BM.GE
26.11.20 19:13
983
2020 წლის 27-28 ნოემბერს ექსპოჯორჯიას ორგანიზებით სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ექსპორტის პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართება - მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფორუმი მთლიანად B2B ფორმატში, ონლაინ შეხვედრების კომპონენტით ჩატარდება.

„გასული თვეების განმავლობაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ექსპოჯორჯია თავის ჩვეულ საქმიანობას ვეღარ ეწეოდა - თუმცა, გადავწყვიტეთ, გამოფენების ცენტრი, როგორც საქმიანი შეხვედრების პლატფორმა, ეტაპობრივად დაუბრუნდეს ქართულ ეკონომიკას.

პირველ ასეთი პროექტი, აგრო ექსპორტის ფორუმი იქნება, რისი ჩატარების საჭიროება და მზაობაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ფორუმის ძირითადი მიზანია, აგრო და კვების მრეწველობის პროდუქტების მწარმოებლებს ხელი შევუწყოთ სარეალიზაციო არხების პოვნა/გაფართოებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“ - ამბობს ექსპოჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა.
ფორუმში მონაწილეობენ როგორც საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიები, ასევე შედარებით მცირე ზომის წარმოებები, რომლებიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში აწარმოებენ ჯანსაღ პროდუქციას და ამავდროულად გარკვეული ნაწილი მწარმოებლების ჩართულია ბიო სერტიფიცირების პროცესში და აწარმოებენ პრემიუმ ხარისხის ბიო სერტიფიცირებულ პროდუქციას.

მცირე ზომის საწარმოებს საშუალება ექნებათ გამართონ ონლაინ შეხვედრები საცალო ვაჭრობის ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებთან, სადისტრიბუციო კომპანიებთან, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებსა და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან.
საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის საერთაშორისო ნაწილში - წინასწარ დაგეგმილ ონლაინ შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან, მათ შორის ორგანული პროდუქციით დაინტერესებულ შემსყიდველ კომპანიებთან.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, მიზნობრივი ქვეყნებიდან 50 მსხვილი ექსპორტიორი და ჰორეკას სექტორის წარმომადგენელი.

აგრო ექსპორტის ფორუმის მხარდამჭერია პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით)

„პროექტ GRETA-ს (რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით) და აგრო ექსპორტ ფორუმის კოლაბორაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ორგანული სოფლის მეურნეობის და ტურიზმის პოტენციალის სწორად წარმოჩენაში. აღნიშნული თანამშრომლობა, არსებულ რთულ ვითარებაში კიდევ ერთხელ ხაზს უვამს იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული რესურსებით და მოქნილი მიდგომებით შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების ათვისება. ფორუმის ფარგლებში პროექტ GRETA-ს 27 ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა წარადგინოს თავიანთი პროდუქცია და დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები“ - აღნიშნა პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელმა სიგრუნ ანდრესტოდირმა.

აგრო ექსპორტის ფორუმს ასევე მხარს უჭერს CNFA:

„წელს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, 27 – 28 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში პირველად გაიმართება მასშტაბური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ექსპორტის ხელშემწყობი ფორუმი.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში წარმოებული სურსათის საექსპორტო პოტენციალსა და განიხილავენ ახალ ბაზრებზე მათი განთავსების შესაძლებლობებს. ზემოაღნიშნული პროექტების ექსპორტზე ორიენტირებულ ბენეფიციარებს ფორუმი საშუალებას აძლევს, მოიძიონ მათთვის მიმზიდველი და საინტერესო ბაზრები, დაამყარონ ბიზნესურთიერთობები ახალ პარტნიორებთან და განავითარონ უკვე არსებული საბაზრო კავშირები“.

სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება პანელური დისკუსია და ვორქშოფებიც:
- პანელური დისკუსია: სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები
- ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებები აგრო და კვების მრეწველობის სექტორში
- ანტიკრიზისული გეგმა
- საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნა, ექსპორტის ტენდენციები
- დაფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები როგორც კერძო სექტორის ისე სახლმწიფოს მხრიდან
- სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმები აგროსასურსათო პროდუქციის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით

აგრო ექსპორტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; აწარმოე საქართველოში; პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა ( ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით); CNFA; თიბისი ბიზნესისთვის.

აგრო ფორუმზე დასასწრებად გადადით ლინკზე: https://zoom.us/j/94533858941

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები