მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტი კარგი ტემპით აღდგა“ - როგორ დაძლია „მესხურმა ბრენდმა“ COVID-19-ის გამოწვევები

5f992c3e22b94
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.20 09:40
1626
„ნათენაძის ღვინოები“ 5-თვიანი პაუზის შემდეგ ექსპორტზე, თავის ტრადიციულ ბაზრებთან ერთად ახალ საექსპორტო ბაზრებზე - იტალიასა და კანადაში გავიდა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანია „მესხური ბრენდის“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე ყვება, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ექსპორტი, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო, შეფერხდა: შეწყდა საერთაშორისო გამოფენები და შესაბამისად, ახალი ღვინოების უცხოელი დამკვეთებისთვის წარდგენა; შეკვეთების ნაწილი გაურკვეველი დროით გადავადდა და 5 თვის განმავლობაში „ნათენაძის ღვინის“ ექსპორტი სრულად გაჩერდა.

„ზოგადად, როგორც საქართველოში, ასევე ყველა ქვეყანაში გაჩერებული იყო მაღაზიები, რესტორნები, ბარები, რამაც მოთხოვნა შეამცირა. დიახ, ჩვენ 3 კვირის წინ გავიტანეთ ღვინოები ბელგიაში, გერმანიაში, აშშ-სა და იტალიაში პირველად, თუმცა ეს 5-6 თვის დაგვიანებით მოხდა. მაგალითად, იტალიაში პირველი მოლაპარაკებები მარტში შედგა, მაგრამ იქ არსებული მდგომარეობის გამო, ღვინის ექსპორტირება მხოლოდ ახლა შევძელით. ანალოგიური მდგომარეობა იყო სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ესპანეთში ახლაც მძიმე მდგომარეობაა. გვქონდა შეკვეთა, თუმცა გვთხოვეს რომ გაგვეჩერებინა; იაპონიამ პანდემიიდან გამომდინარე გვიან განაახლა ბაზარზე გაყიდვები, თუმცა მე ყოველდღე ვხედავ ჩემი ღვინის დეგუსტაციებს, საიდანაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოდის. ამიტომ ველოდები რომ 2-3 თვეში ახალი შეკვეთებიც გვექნება და ესპანეთსა და იაპონიაში ღვინოების გატანას ზამთრის სეზონზე შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი ნათენაძემ.

მისი თქმით, გაყიდვების კლების მიუხედავად ქვეყნებში გააქტიურდა ელექტრონული კომერცია, რამაც მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტზე და მათ შორის ღვინოზე გაზარდა.

„როგორც ამერიკელი პარტნიორები მეუბნებიან, ელექტრონული კომერციის სისტემა საკმაოდ კარგად ამუშავდა და უფრო მეტი ღვინო ისმევა სახლში, ვიდრე რესტორნებში იყიდებოდა და ამიტომ მომცეს ორი შეკვეთა. ერთი შეკვეთა უკვე გავგზავნეთ, მეორე კი ნოემბერში გაიგზავნება.

კომუნიკაცია გვაქვს სხვა ქვეყნების იმპორტიორებთან, გვაქვს ონლაინ ჩართვები უცხოელებთან და ვუხსნით მათ მესხური ღვინოების შესახებ, რაც ამართლებს. სამომავლოდ ონლაინ წარდგენების ხაზი ვფიქრობ, რომ აქტიური დარჩება... გაყიდვების შეფერხების მიუხედავად, ახლა მდგომარეობა კარგი ტემპით აღდგა“, - განაცხადა ღვინის მწარმოებელმა.

გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ შექმნილმა მდგომარეობამ მის კომპანიაზე ფინანსური გავლენა იქონია, თუმცა „მესხურმა ბრენდმა“ გამოწვევებთან გამკლავება შეძლო.

„კომპანია მთლიანად სესხებზეა დამოკიდებული და თუ რაიმეს ვაკეთებთ ამ სახსრებით კეთდება, შესაბამისად რამდენიმე თვე გვქონდა შოკური, როდესაც ვალდებულებების შესრულებას ვერ ვახერხებდით, მაგრამ ონლაინ გაყიდვების გააქტიურებამ მომცა იმედი, რომ ყველაფერი განახლდებოდა და შესაბამისად, გავაკეთე აქცია: უცხოელ პარტნიორებს შევთავაზეთ გადასახდელი თანხის 30% წინასწარ ჩაერიცხათ, ხოლო შემდეგ 30%-იანი ფასდაკლება გავუკეთეთ. ამისთვის საკუთარი რესურსი ჩავდეთ, თუმცა შედეგად მივიღე ის, რომ გაყიდვები არ შენელებულა და რაოდენობრივადაც მეტი ღვინო იყიდება“, - აღნიშნა გიორგი ნათენაძემ და დასძინა, რომ „მესხური ბრენდი“ უკვე ახალ პროექტზე მუშაობს და ახალციხეში სასტუმროსა და მარნის გახსნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები