მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ექსპორტიდან მოლოდინები დიდია" - “ნიკოლმა” პროდუქცია ოთხ ქვეყანაში გაიტანა

ნიკოლი

ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლი”  წელს ექსპორტზე კანადაში, ლიბიაში, საუდის არაბეთსა და ქუივეთში გავიდა - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებლებმა ნიკა ნიკოლაშვილმა Bm.ge-სთან ისაუბრა.

“ექსპორტიდან ჩვენს პროდუქტზე დაინტერესება საკმაოდ დიდია, თუმცა პროცესი ხანგრძლივია და ბევრი დეტალის შეთანხმებას საჭიროებს, ვგულისხმობ ისეთ დეტალებს როგორიცაა, მაგალითად წარმოების და ლოგისტიკის დრო, ლოგისტიკის ფასი, რომელიც საკმაოდ გაიზარდა ბოლო პერიოდში.

დაინტერესებიდან პროდუქტის გაგზავნამდე ბევრი ეტაპია შესათანხმებელი და დასაორგანიზებელი, მით უმეტეს თუ ეს პირველად ხდება კონკრეტულ ბაიერთან, თუმცა, მოლოდინები ძალიან დიდი გვაქვს”, - განაცხადა მან.

დამფუძნებლის თქმით, ექსპორტი ბოლო რამდენიმე წელია ბრენდისთვის მეტად პრიორიტეტული გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

“ექსპორტის მიმართულება ბოლო ორი წელია, რაც ჩვენთვის მეტად პრიორიტეტული გახდა, მანამდე სრულად ვიყავით მობილიზებული ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე - ჯამში დაახლოებით 8-9 ქვეყანაში გვქონია ექსპორტი ამ პერიოდში და ამჟამადაც წარმოებაშია ნიმუშები, რომლებიც გაიგზავნება ლონდონში და ვიმედოვნებთ სტაბილური ექსპორტს მივაღწევთ მათთან, ექსპორტი პირველ რიგში არის სტაბილურობის მეტი გარანტია და შესაბამისი ხელშეკრულების პირობებში გაძლევს შესაძლებლობას გააკეთო გრძელ ვადიანი პროგნოზები და სწორად გადაანაწილო პრიორიტებები, შესაბამისად ბაზრების დივერსიფიკაცია მუდმივი და მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენთვის”, - აღნიშნა მან.

ნიკა ნიკოლაშვილმა წარმადობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიაში დაახლოებით 10-იანი ზრდა არის.

“წარმადობის ზრდა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, დიდ წილად ადამიანურ რესურსზე ვართ დამოკიდებული და ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში გრძელდება. საწარმოს გაფართოების პროცესი დიდი ხანი არაა რაც დასრულდა და ამ ყველაფერმა შედეგი რომ მოიტანოს უშუალოდ რაოდენობრივ ზრდაშიც გარკვეული დროა საჭირო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-იანი ზრდაა თუმცა წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ 30-40 % ზრდაზე ავალთ. ტენდენცია უცვლელია და ჩვენ პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია, ასევე იმის ფონზე რომ ფილიალების რაოდენობა იზრდება ბუნებრივია ჩნდება წარმოების ზრდის საჭიროებაც, ეტაპობრივად რა თქმა უნდა ვზრდით დასაქმებულების რაოდენობასაც. ამჟამად ჩვენი წარმადობა წელიწადში დაახლოებით 30 000 ერთეული პროდუქტია”, - დასძინა დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ნიკოლმა” ახლახან ახალი შოურუმი ევგენი მიქელაძის 11 ნომერში და რიგით მე-4 ფილიალი გახსნა საბურთალოს “სითი მოლში”.

“ჩვენი ახალი შოურუმი მდებარეობს ზუსტად ჩვენი საწარმოს გვერდით და მომხმარებლებს აქაც შეეძლებათ ჩვენი პროდუქტის დათვალიერება და შეძენა, რაც შეეხება “სითი მოლის” ფილიალს,  ჩვენთვის ეს საკმაოდ სტრატეგიული ლოკაციაა ,გამომდინარე იქიდან რომ აქამდე გვქონდა თბილისში მოლში და "ისთ ფოინთში" და ამჟამად უკვე ქალაქის ცენტრშიც გავხდით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია რაც შეიძლება მეტი ფილიალი გვქონდეს და შესაბამისად არც ფრენჩაიზის ტიპის თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს, სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობით შევძელით კიდევ ორი ფილიალის დამატება ქალაქ ზუგდიდში (ზუგდიდი მოლში) და ქუთაისში (გალაქტიონ ტაბიძის 23)”, - ამბობს ის.

ცნობისთვის:  ბავშვთა სამოსის ქართული მწარმოებელი ბრენდის „ნიკოლის“ შექმნის იდეა 2017 წელს გაჩნდა. ბრენდი 1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქმნის ტანისამოსს. “ნიკოლში” ჯამში 42 ადამიანია დასაქმებულ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები