„ტიო“ - ასე ჰქვია სვანური მარილის მწარმოებელ ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც ოჯახურ რეცეპტზე დაყრდნობით შეიქმნა. ბრენდი ბაზარზე ორი თვის წინ გამოჩნდა და საწარმოო პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულის სვანეთში მოყვანას ცდილობს.
ბრენდის დამფუძნებელი ლიკა ონიანი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ მისი მიზანი ავთენტური სვანური მარილის შენარჩუნებასთან ერთად, პროდუქტის კომერციულად განვითარებაა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, „ტიოს“ მარილი სვანური ტრადიციული რეცეპტით მზადდება. ამ ეტაპზე საჭირო ნედლეულის ნაწილი თავად დამფუძნებლის ოჯახმა მოიყვანა, მომდევნო პარტიებისთვის კი კომპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობას გეგმავს.
„ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ნედლეული აუცილებლად სვანეთში ყოფილიყო მოყვანილი. განსაკუთრებით ნიორი გამოირჩევა თავისი გემოვნური თვისებებითა და განსაკუთრებული არომატით. შემდეგი პარტიისთვის უკვე ადგილობრივ მოსახლეობასთან მაქვს შეთანხმება და ისინი პროდუქტის მომწოდებლები იქნებიან“, - ამბობს ლიკა ონიანი.
მისივე ინფორმაციით, ბრენდის წარმოებული პროდუქცია ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ იყიდება - მომხმარებელს შეკვეთის გაკეთება Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის საშუალებით შეუძლია. სამომავლოდ „ტიო“ პროდუქციის მაღაზიებსა და ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შეტანას გეგმავს.
„პირადად მე მეგონა, რომ ნაკლები დაინტერესება იქნებოდა, რადგან საკმაოდ სპეციფიკური გემო და სუნი აქვს. თუმცა გამოფენა-გაყიდვაზე ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავდა. დააგემოვნეს და აღფრთოვანებულები აღნიშნავდნენ, რომ საოცარი არომატი და გემო აქვს“, - ამბობს „ტიოს“ დამფუძნებელი.
ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაცაა, რადგან ფასის ცვლილება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზეც აისახება. ონიანის თქმით, ამ ეტაპზე ნედლეულზე ფასი სტაბილურია, თუმცა მისი გაძვირების შემთხვევაში პროდუქტის ფასის კორექტირებაც გახდება საჭირო.
„თუ რომელიმე ნედლეული გაძვირდა და საბაზრო ფასმა აიწია, ეს ჩვენს შეთანხმებაზეც იმოქმედებს. თუ ფასის ცვლილება მოხდა, შევეცდებით, რომ მატება მინიმალური იყოს, თუმცა ამას ვერ გავექცევით, თუ ზოგადად ფასები გაიზარდა“, - განმარტავს ის.
„ტიო“ გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ქართულ ბაზარზე დარჩენას არ გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბრენდისთვის საექსპორტო ბაზრებზე გასვლა ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თუმცა ამისთვის წარმოების მასშტაბის გაზრდა და დამატებითი გამოცდილების მიღებაა საჭირო.
„სამომავლო განვითარება სწორედ ის არის, რომ „ტიომ“ მოიცვას არა მარტო ქართული ბაზარი, არამედ გავიდეს ექსპორტზეც. ამისთვის სრული მზაობა მაქვს და ვემზადები, როგორც ინფორმაციულად, ისე სხვა მიმართულებითაც“, - ამბობს ლიკა ონიანი.
მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან უკვე არსებობს მოთხოვნა, რომ პროდუქტის საზღვარგარეთ მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
ამ ეტაპზე „ტიო“ მცირე მასშტაბით ოპერირებს, თუმცა დამფუძნებლის გეგმაა, ოჯახური რეცეპტი ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებულ პროდუქტად აქციოს და საბოლოოდ ქართული სვანური მარილი უცხოელ მომხმარებლამდეც მიიტანოს.
























