მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტიორები მარკეტინგისთვის ბიუჯეტიდან სუბსიდიის მიღებას 2023 წლიდან შეძლებენ - შეფასებები

61892b44b83f6
მარიამ ვარადაშვილი
10.11.21 19:04
681
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ - ასე ჰქვია „ქათული ოცნების“ მთავრობის მიერ სამი თვის წინ დამტკიცებულ პროგრამას, რომლის მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა და სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. როგორც პროგრამის დაანონსებისას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწევიან, გარდა დსთ-ის ქვეყნებისა. სამთავრობო პროგრამის ბიუჯეტად 3 მლნ ლარი დასახელდა და ითქვა, რომ თითოეული კომპანია, დაახლოებით, 600 000 ლარის თანადაფინანსების მიღებას შეძლებდა, მაგრამ - გარკვეული პირობებით.

ახალმა სამთავრობო პროგრამამ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებში დადებითი შეფასება და ინტერესი მაშინვე გამოიწვია, ამიტომ სამი თვის შემდეგ bm.ge-მ მისი მოკითხვა გადაწყვიტა. როგორც გავარკვიეთ, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მარკეტინგული კამპანიების თანადაფინანსების პროგრამაზე ჯერ არავის მიუმართავს, თუმცა როგორც BMG-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კომპანიებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ჩაერთვებიან.

გავარკვიეთ ისიც, რაც პროგრამის პრეზენტაციაზე მთავრობის წევრებს არ უთქვამთ, მაგრამ მოგვიანებით დადგენილებაში დეტალურად გაიწერა - მარკეტინგული ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების მიღებას კომპანიები მხოლოდ 2023 წლიდან შეძლებენ, რადგან იმისთვის, რომ თანხა მიიღონ, წინა წელთან შედარებით გაზრდილი უნდა ჰქონდეთ როგორც ექსპორტი, ისე - მარკეტინგის ხარჯები ანუ სააგენტო მწარმოებელ კომპანიებს 2021-2022 წლის ექსპორტის და მარკეტინგის მონაცემებს სთხოვს.

„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ერთ-ერთია იმ მეღვინეებს შორის, რომელმაც ახალი პროგრამა დადებითად მაშინვე შეაფასა და თქვა, რომ თუ პროგრამის პირობები საშუალებას მისცემდა, 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე პოზიციონირებისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსების კომპონენტს გამოიყენებდა, მაგრამ დღეს ამბობს, რომ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის” სახელმწიფო პროგრამით მცირე მარნებს სარგებლობა გაუჭირდებათ, რადგან მარკეტინგული კამპანია საკმაოდ ძვირი ჯდება; არის სხვა მიზეზიც.

„პატარა მარნებს ძალიან გაუჭირდებათ მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსება, რადგან ეს მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული, მით უფრო როცა საკმაოდ გრძელვადიან შეფასებას უნდა დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დაფინანსება, ამიტომ პირადად მე გამიჭირდება ამ პროექტით სარგებლობა და, ჯერჯერობით, არ ვიცი არცერთი პატარა მარანი, რომელმაც სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვა; დიდ კომპანიებში რა ხდება, ვერ გეტყვით,” - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

მეღვინეს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამის ის პირობაც შევაფასებინეთ, რომლის თანახმად, მეღვინეები საბიუჯეტო სუბსიდიის მიღებას მხოლოდ და მხოლოდ 2023 წელიდან შეძლებენ.

„2023 წელი აიღეს იმიტომ, რომ პროგრამა ასეა გაწერილი. როგორც ვიცი, ჯერ კომპანია ხარჯავს ამ თანხას, შემდეგ გარკვეულწილად უნდა შეფასდეს, რა შედეგი გამოიღო, ასევე უნდა მოხდეს აუდიტური შეფასება და მხოლოდ ამის მერე გამოყოფს სახელმწიფო თანხას. აქედან გამომდინარე, 2021 ან 2022 წელს რომ დახარჯო მარკეტინგულ ღონისძიებებზე თანხა, თანადაფინანსება 2023 წელს მოგიწევს. თავიდანვე გავაკეთე კომენტარი, რომ კარგად მესმის პასუხისმგებლობა ნებისმიერი პროექტის, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის გარკვეულ ბერკეტებს უნდა შეიცავდეს, რომ რეალურად საჭიროებაზე დაიხარჯოს და მნიშვნელოვანი შედეგი მიიღოს. აქ საუბარია იმაზე, რომ კომპანია დაფინანსდება მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც შედეგი იქნება, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო დააანონსებს, არც ისეთი რთული უნდა იყოს, რომ საბოლოო ჯამში გამოუყენებელი გახდეს. წარმოიდგინეთ, მცირე მარანს გარკვეული თანხა უნდა ჰქონდეს, რომ ეს ღონისძიება დამოუკიდებლად ჩაატაროს. ის რისკიც უნდა გაითვალისწინოს, რომ გაყიდვები უნდა გაიზარდოს, თუმცა ვიცით, რომ ზოგჯერ ეს შედეგი ასე მალე შესაძლოა, არ დადგეს“, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

მეღვინე პროგრამაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცებამდე მცირე მარნებთან კონსულტაცია არ ჰქონია.

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში კომპანიებისთვის პროექტში მონაწილეობის მიღება გართულდება. მაშინვე ვთქვი, რომ იქნებ მომავალში გარკვეულწილად გადაიხედოს, რათა პროგრამა გამოყენებადი გახდეს. ერთი მხრივ ლოგიკურია, რომ თუ დაამტკიცებ გაწეულ მარკეტინგულ ხარჯებს და თან გაყიდვების ზრდას, მერე შეძლებ პროგრამით სარგებლობას, მაგრამ ვიმეორებ, ეს იმდენად ართულებს [პროცესს], რომ საბოლოო ჯამში, შეიძლება, ბევრმა კომპანიამ არც გამოიყენოს, თუმცა ვნახოთ,” - თქვა bm.ge-სთან იაგო ბიტარიშვილმა და ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ხშირად საექსპორტო ბაზრებზე გაწეული მარკეტინგული ღონისძიებები, შედეგს არა მომდევნო, არამედ 2-3 წლის შემდეგ იძლევა. „ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო მხარდაჭერას არ გამიწევს. არ ვიცი, დასაწყისისთვის ასეთი მიდგომა შესაძლოა, სწორია, თუმცა ვფიქრობ, ამ პროექტს გარკვეულწილად კორექტირება დასჭირდება, რადგან საბოლოო ჯამში, არ მგონია, ის ბევრმა კომპანიამ გამოიყენოს,” - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

საინტერესოა, რომ თუ „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი პროექტში ჩართვას იმიტომ არ აპირებს, რომ მისი აზრით, შესაძლოა, პროგრამის პირობების დაკმაყოფილება მცირე მარნისთვის შედარებით რთული აღმოჩნდეს, ღვინის კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელი გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ პროგრამაში ჩართვას არ გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსების მოცულობიდან გამომდინარე, ის უფრო მეტად მცირე მარნებისთვისაა განკუთვნილი.

“რაც შეეხება 2023 წელს დაფინანსების საკითხს, აზრს ნამდვილად არ არის მოკლებული ეს პირობა, რადგან ფაქტობრივად, 2022 წლის მთლიანი ექსპორტი დაკონტრაქტებული გვაქვს და იმ იმედით, რომ 2023 წელს იქნება ეს დაფინანსება, უკვე გადავხედავთ მომავალი წლის კონტრაქტებს, ამიტომ თანადაფინანსების 2023 წელს ამოქმედება ნორმალურია“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ bm.ge-სთან და იქვე დასძინა, რომ პროგრამის შემუშავების ეტაპზე “ბადაგონთან” კომუნიკაცია არ ყოფილა.

მარკეტინგული ხარჯების დაფინანსების ბიუჯეტიდან თანასუბსიდირების პროგრამაზე bm.ge „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორსაც ესაუბრა. ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო გამოფენები და სხვადასხვა სახის ღონისძიება გადაავადეს და შესაბამისად, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ ეტაპზე მარკეტინგულ ღონისძიებებში არ მონაწილეობენ, თუმცა თვლის, რომ ახალი პროგრამა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

“ქართული ღვინის პოპულარიზაცია დამოკიდებულია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობაზე, როგორებიცაა გამოფენები თუ სხვადასხვა სახის ღონისძიება. პანდემიის გამო გაუგებარია, როდის რა ჩატარდება. ღონისძიებების კალენდარი ამ ეტაპზე შეჩერებულია და არ ვიცით, როდის იქნება “კარგი დრო” ბიზნესმოგზაურობისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ამ პროექტში ჩართვისგან, რადგან თანამშრომლების უსაფრთხოებას ვითვალისწინებთ“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები