მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ღვინის კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიას დაუსუბსიდირებს

6135dd8fadb70
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.21 13:33
1224
სახელმწიფო ღვინის კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიას დაუსუბსიდირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე ახალი პროგრამის დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში ისარგებლებენ ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2021 წლის დასაწყისიდან კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მთელ მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საექსპორტო გაყიდვების ზრდას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. პროექტის დიზაინი შეთანხმებულია ღვინის მწარმოებელთა ასოციაციასთან. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა მეწარმეებთან, სადაც კონკრეტული პირობები შევაჯერეთ. პროექტი ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის ე.წ. სავაჭრო მარკეტინგის საგრანტო თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

ახალი პროგრამა მარკეტინგული კამპანიების თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე ითვალისწინებს, სადაც ქართული ღვინო გავა, დსთ-ს ქვეყნების და საქართველოს გარდა.

ჩვენი მიზანია საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების გაზრდა ახალ გეოგრაფიებში. ჩვენ ვაკეთებთ დივერსიფიცირებას. ჩვენ ტემპის გზარდა და არსებულ ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირება გვინდა. შესაბამისად, დსთ-ის ქვეყნებში მარკეტინგული ღონისძიებები არ დაფინანსდება და ყველა იმ ბაზარზე დაფინანსდება, სადაც ღვინის კომპანიები მარკეტინგულ ღონისძიებებს დააფინანსებენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, საპილოტე რეჟიმში თითოეული კომპანიისთვის სუბსიდირების 1 წლის ბიუჯეტი 600 000 ლარი იქნება, თუმცა ღვინის კომპანიები ამ თანხის მიღებას გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ შეძლებენ.

„ერთი კომპანიისთვის წლის განმავლობაში მარკეტინგული ბიუჯეტი 600 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა ეს საწყისი, საპილოტე ვერსიაა და თუ დავინახავთ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება, სახელმწიფომ შეიძლება დამატებითი თანხები გამოყოს. ეს პირდაპირ კავშირშია გაყიდვების ზრდასთან. საანგარიშო წელს, როდესაც მოხდება დაფინანსება ექსპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილი უნდა იყოს, სწორედ ეს ზრდაა ჩვენთვის ამოსავალი. შემზღუდველი დამატებითი ფაქტორი 1 ბოთლ დამატებით ღვინოზე 2 ლარია. ეს არის ბიუჯეტი.

მაგრამ არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე ჩაანაცვლონ მარკეტინგული აქტივობები, შესაბამისად, ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ მათ უნდა გაზარდონ მარკეტინგული ბიუჯეტები, რომელიც აუდიტის მიერ დადასტურდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ის თვლის, რომ ვინაიდან პროგრამა კერძო სექტორის ჩართულობით შემუშავდა, ის წარმატებული იქნება და მასში ბევრი კომპანია ჩაერთვება.

„3-4 წლის განმავლობაში მნიშნელოვანი საფინანსო რესურსების მიმართვას ვგეგმავთ, იმისთვის რომ რეალური შედეგები დადგეს. საშუალო ვადიან პერსპექტივაში - 5 წლის თავზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ზოგადად საექსპორტო გაყიდვების წარმატების კუთხით ვფიქრობ გარდატეხა გვექნება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019 წელს ღვინის ექსპორტი 53 ქვეყანაში 341 კომპანიამ განახორციელა, ხოლო 2020 წელს საექსპორტო ქვეყნების რიცხვი 60-მდე, ხოლო კომპანიების 371-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის პოპულარიზაციის სამთავრობო პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები