„ექსპორტიორებს ჩვენი ღვინო ძალიან მოსწონთ, თუმცა პოპულარიზაციაზე მუშაობაა საჭირო“, - ამის შესახებ მეღვინეობის „რტონი“ და მეღვინეობის "მელიტონი" დამფუძნებელმა, გიორგი სხირტლაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საექსპორტო მიმართულებებით აქტიურად მუშაობენ და უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაში არიან წარმოდგენილი.
„საექსპორტო კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ღვინო 10-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს. ვცდილობთ, რომ ჩვენს ექსპორტიორებს გაყიდვაში დავეხმაროთ. ერთადერთი სირთულე, რასაც ვხვდებით არის ის, რომ ქართული, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები ექსპორტიორებს ძალიან მოსწონთ და სურვილი აქვთ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ, თუმცა ქართულ ღვინოებს სჭირდებათ დახმარება. ის მსოფლიოსთვის მაინც ახალი პროდუქტია, შესაბამისად მუშაობაა საჭირო პოპულარიზაციის კუთხით. ჩვენს ღვინოებს ყველა ქვეყანაში დავყვებით და ვცდილობთ, რომ ექსპორტიორებს რეალიზაციის პროცესი გავუმარტივოთ. ამაში მაქსიმალურად ჩართულები ვართ.
რაც შეეხება წარმოების მოცულობას, ის სტაბილური დარჩება. "რტონში" 30 000-40 000 ბოთლს ვასხამთ და "მელიტონში" 200 000 ბოთლამდე წლიური წარმოება გვაქვს .
ბოლოს ექსპორტი დიდ ბრიტანეთში განვახორციელეთ. გვინდა, რომ ბრიტანეთის ბაზარი ავითვისოთ“, - აცხადებს სხირტლაძე.