„შატო მერე ვაინსის“ თანადამფუძნებლის გია პირადაშვილის შეფასებით, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში არსებული ყოველწლიური სირთულეები სახელმწიფოს მიერ ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობით არის განპირობებული და ეს პრაქტიკა ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ამაში ხედავს ბიზნესმენი პრობლემიდან გამოსავალს, რის შესახებაც მან BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ 22 სექტემბერს კახეთში მევენახეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი ყურძნის ჩაბარების პირობებს და შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებს აპროტესტებენ, რომელიც 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენზე, კილოგრამზე 30 თეთრით განისაზღვრა. მევენახეთა პროტესტის შედეგად მთავრობამ ჩასაბარებელი ყურძნის დიფერენცირებულ ფასები დააკორექტირა - შაქრიანობის ზღვრები შეამცირა, ფასი კი გარდა.
ბიზნესმენი გია პირადაშვილი ამბობს, რომ ბიზნესში სახელმწიფოს ჩართულობის მანკიერ მხარეზე დღევანდელ მინისტრთან დავით სონღულაშვილთანაც უსაუბრია. ის აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი მეღვინე ხარისხიანი ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული და ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ პროცესში საჭირო არ არის. „შატო მერე ვაინსის“ თანადამფუნძელი თვლის, რომ მევენახე ყურძნის ხარისხზე პასუხისმგებელი უნდა გახდეს.
„სანამ სახელმწიფო ბიზნესიდან არ გამოვა და ბიზნესსაქმიანობას არ შეეშვება, რაც მას არ გამოსდის, პოლიტიკა და მევენახეობა არ გაეშვებიან ერთმანეთს, მანამდე მათი გაშველება არ გამოვა. ყოველთვის იქნება ასეთი არეულობა. 32-ე წელია რთველს ვიღებ და სულ ყოველთვის ამის მაგვარი შეხლა-შემოხლები იმართება, რადგან ეს მათი [სახელმწიფოს] საქმე არ არის - ეს მე ადრე ბატონ დავითსაც [სონღულაშვილი] ვუთხარი, ვისთანაც დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და სხვასთანაც ბევრჯერ მითქვამს, ჩემს აზრს არასდროს ვმალავ.
19% შაქრიანობის ყურძენი მე 2 ლარად მივიღე, რადგან მას თავისი დანიშნულება აქვს. ის აბსოლუტურად საღი ყურძენი იყო. ის ცქრიალა ღვინოების დამზადებისთვისაა და მე ის უკვე დავწურე და მშვენიერ შედეგებს ველოდები. საფერავის ნაწილი უკვე დაწურული მაქვს, დაახლოებით 35 ტონაზე ავედი, მასში 3 ლარს ვიხდი. მისი შაქრიანობა 25%-ია და მისგან ნახევრად ტკბილს და ნატურალურად ტკბილს ღვინოს ვაყენებთ. ასეთი მეღვინეები საქართველოში ბევრნი არიან, ვისაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება უნდათ. 3 ლარი ის ფასი არ არის, რომელიც საბოლოოდ შეიძლება 50-ლარიან ღვინოს გვაძლევდეს, ღვინოს ფასს უმატებს დრო, მისი ისტორია, მისი მიკროზონური ასპექტები და ძალიან ბევრი ფაქტორი. ამისთვის ჩვენი სახელმწიფო და უმეტესობა ვინც ამ საქმეზე დავობს ახალი ველოსიპედის გამოგონებას ცდილობს - წინა სამკუთხედი და უკანა ოთხკუთხედი. მაშინ როდესაც ძალიან ბევრი მაგალითი და წარმატებული პროექტი არსებობს, რომელიც მუშაობს ევროპაში - იტალიაში, ესპანეთში და ა.შ. თუ ყოველ წელს 240 და 250 მილიონი ლარის გადამხდელები ვართ ბიუჯეტში, რაც შემდეგ მიდის გლეხობაში, ეს გლეხები თავისი პროდუქციის ხარისხიანობაზე პასუხისმგებლები უნდა გავხადოთ. თუ ჩვენ გავაკეთებთ კარგ კოოპერატივს და სრულყოფილად გამართულ 2-3 ქარხანას, საქართველოს მეტი არ სჭირდება, ამის დათვლა შეიძლება - მეც შეიძლება მივეხმარო ამის დათვლაში აბსოლუტურად უსასყიდლოდ, შეიძლება სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ არ დაგვიჯდება ძვირი, ამაში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ჩავდებ ფინანსურადაც და შრომითაც, რაშიც ძალიან ბევრი ხალხი გამოგვყვება. თუ ჩვენ ამ ყველაფერში წესრიგს დავამყარებთ და გლეხებსაც სწორ პოზიციას ვაჩვენებთ, არასოდეს არაფერი მოხდება, ყველა კმაყოფილი იქნება“, - აცხადებს გია პირადაშვილი.
























