მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტის ზრდის მიუხედავად ვერ ვიტყვით, რომ ფეროშენადნობების სექტორში სიტუაცია გაჯანსაღდა - AMB Alloys

ფეროშენადნობები

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. წელს 4 თვეში საერთაშორისო ბაზრებზე 94.6 მლნ დოლარის ფეროსილიკომანგანუმი გავიდა, რაც წლიურად 92%-იანი ზრდაა. მათ შორის აპრილში უცხოეთში 18.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, თუმცა 4 თვეში მკვეთრი ზრდა ძირითადად მარტში ექსპორტის ასევე მკვეთრი ზრდის დამსახურებაა. ამ თვეში უცხოეთში 43.67 მლნ დოლარის პროდუქციაა გატანილი, რაც მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარია. საექსპორტო ბაზრებს შორის თურქეთი ლიდერობს - 20.66 მლნ დოლარით. მეორე ადგილზეა აშშ - 16.4 მლნ დოლარით, სამეულში შედის ნიდერლანდები - 10 მლნ დოლარით. შემდეგ პოზიციებზეა იტალია და კანადა.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის იანვრიდან პროდუქციაზე ფასების მცირედი ზრდის ტენდენცია (საშუალოდ 100-150 დოლარით) შეიმჩნევა, დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება სექტორის კრიზისიდან გამოსაყვანად საკმარისი არ არის. მოთხოვნის მატება, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებითა და ლოგისტიკური ჯაჭვების გართულებით არის განპირობებული, რამაც თურქეთიდან ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე მოთხოვნა გაზარდა, თუმცა არსებული ფასნამატი გაზრდილ საწარმოო ხარჯებს ვერ აბალანსებს.

“დარგში გარკვეული ძვრები არის, რომელიც შეიძლება დადებით მოვლენად და ფაქტორად მივიჩნიოთ. 2026 წლის იანვრის შემდგომ პროდუქციაზე ფასების ზრდის ტენდენცია აღინიშნებოდა, რაც ქმნიდა რეალურ შესაძლებლობას, მოძებნილიყო ისეთი გამოსავალი, რომ დარგი კრიზისული სიტუაციიდან გამოსულიყო.

ფასების ზრდის დინამიკა თავის მხრივ მოთხოვნის ზრდით იყო განპირობებული. ღირებულება გაიზარდა საშუალოდ 100-150 დოლარის ფარგლებში, თუმცა ფასის ზრდა არ წარმოადგენს ისეთი სახის გარდატეხას, რომელიც დარგის კრიზისიდან გამოსვლას შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია გაჯანსაღდა ან რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვალა.

ცალსახაა, ფასის და მოთხოვნის ზრდა იმის პერსპექტივას ქმნის, რომ მომავალში შესაძლოა უკეთესი სურათი მივიღოთ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნის ეს ტემპი შენარჩუნდა.

მოთხოვნის ზრდა განაპირობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტურმა მოვლენებმა და აქედან გამომდინარე ლოგისტიკური ჯაჭვების გართულებამ.

ეს გახლდათ სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მოთხოვნა გაზარდა პროდუქციაზე და შესაბამისად მოიმატა ფასებმაც. ახლა საკითხავია მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მოლოდინი არის იმის, რომ მოთხოვნა ამ ნიშნულზე მაინც უნდა შენარჩუნდეს წლის ბოლომდე მაინც. დანარჩენს ვნახავთ როგორ იქნება”, - აცხადებს AMB Alloys-ის აღმასრულებელი დირექტორი.

სექტორისთვის უმთავრეს პრობლემად ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი რჩება. ილია გოგსაძის განმარტებით, სემეკის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 აპრილს შევიდა, 10 კილოვოლტ ძაბვის საფეხურზე განაწილების ტარიფი 7.48 თეთრით გაიზარდა.

„იმ პირობებში, როდესაც სექტორს ტარიფის გაზრდამდეც უჭირდა ოპერირება, ამ გადაწყვეტილებამ ნეგატიური ეფექტი კიდევ უფრო გაამძაფრა. პრაქტიკულად, სეზონურად გაიაფებული ელექტროენერგიის ფაქტორი გაზრდილი ტარიფით სრულად განულდა“, - აცხადებს გოგსაძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან, ესკოსთან და სახელმწიფო ელექტროსისტემასთან კომუნიკაციის მიუხედავად, დარგმა ვერ მიიღო წვდომა შეღავათიან ჰიდრორესურსებზე, რაც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ტრადიციული პრაქტიკა იყო. შედეგად, მაისის ბოლოს რუსთავში მოქმედმა საწარმომ ფუნქციონირება შეაჩერა.

გოგსაძის თქმით, მსგავს მდგომარეობაშია სხვა მცირე მწარმოებლებიც, რომელთა წარმადობა თვეში 500-დან 1000 ტონამდეა. არსებული ვითარების გამო, კომპანიებმა, რომლებიც მუშაობის განახლებას გეგმავდნენ, პროცესი გაურკვეველი ვადით გადადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები