მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი

6034ea12a4aa4
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.21 23:00
43223
კომპანია Glenberries-მა 2020 წელს ექსპორტზე დაახლოებით 11 კონტეინერი გაყინული ხილ-ბოსტნეული გაიტანა, რაც 1.134 მლნ დოლარის ღირებულების 252 ტონა პროდუქციას მოიცავს. კომპანიის საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალში გაყინული და დაფქული მარწყვი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და მოცვია.

„საქართველოში სოფლის მეურნეობის გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტით ხუთ წელიწადში 2 მლრდ დოლარის შემოტანა შემიძლია. მომეცით ის ხალხი, ვისაც გერმანიაში უშვებენ და მათ გარანტირებული შემოსავალი ექნებათ საქართველოში. მართალია 2020 წელს ისრაელსა და ამერიკაში ერთეული კონტეინერის პროდუქცია გავიტანეთ, თუმცა, წელს ეს მოცულობები უფრო გაიზრდება“, - უთხრა BM.GE-ის Glenberries-ის დამფუძნებელმა რაფაელ მაღალაშვილმა.

მაღალაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ნედლი პროდუქტის საჭირო რაოდენობების არარსებობის და ასევე მაღალი ფასის გამო, პროდუქციის იმპორტი თურქეთიდან, ჩილედან და ეგვიპტიდან უწევს.

„2020 წელი ძალიან რთული წელი იყო. ექსპორტზე გავიტანეთ პროდუქტი, თუმცა იმ რაოდენობით არა, რა მოთხოვნაც იყო. 2020 წელს ფაქტობრივად 2021 წლისთვის მოვემზადეთ. წელს უკვე კვირაში ორ კონტეინერს მაინც ვუშვებთ. ბაზრების მოპოვებაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ საქართველოს ბაზარზე საკმარისი რაოდენობის ნედლეული არაა, რომ ექსპორტი განვახორციელო. მე რომ ბაზარზე არსებული რესურსი მოვიძიო, ეს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე არსებული მოთხოვნის 1% იქნება. აქ საუბარი არ არის რომ გლეხის მიერ ნახევარ ჰა-ზე მოყვანილი ხუთი ტონა პროდუქტის შეძენას შევძლებ და ამით ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას დავაკმაყოფილებ. ასე არ არის. სამწუხაროდ, ადგილობრივ პროდუქტზე ფასი ძალიან დიდია, ამიტომ მიწევს ნედლი პროდუქტის იმპორტი, იმისთვის რომ პარტნიორებიდან წამოსული მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილო“, - ამბობს მეწარმე.

რაფიელ მაღალაშვილი ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად ფერმერების მხრიდან საჭირო ცოდნის არარსებობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მისთვის სამაცივრე მეურნეობების ასამოქმედებლად ხშირად მიუმართავთ.

„ნედლი პროდუქტი ეგვიპტიდან და ჩილედან შემომაქვს, ვამუშავებ და აშშ-ში გამაქვს. ექსპორტში ჩვენი ნედლეულით ნაწარმოებ პროდუქტს 5% უკავია. ჩვენი მეურნეობიდან წელს 1 200 ტონა მარწყვს ველოდები, მაშინ როდესაც ჩემს საწარმოში წელიწადში 6 000 ტონა მარწყვის გადამუშავება შეგვიძლია. ფერმერებს რომ ვუთხრა მოდით მარწყვი მომყიდეთ-თქო, მათ მიერ დადებულ ფასს ვერ გადავიხდი. ამიტომ ეგვიპტიდან შემომაქვს მარწყვი კვირაში ორი კონტეინერი, ვამუშავებ და აშშ-ში გამაქვს“, - განმარტა რაფაელ მაღალაშვილმა და დასძინა, რომ კომპანია ხვალიდან აშშ-ის მიმართულებით ბულგარული წიწაკის ექსპორტს იწყებს, რომლის ნაწილი ადგილობრივი პროდუქტიდან არის ნაწარმოები, ნაწილი კი თურქეთიდანაა იმპორტირებული.

„წელს 2 100 ტონა მარტო ბულგარული წიწაკა უნდა მივაწოდო აშშ-ის. იმდენი ფული არ მაქვს რომ ადგილობრივებს უფრო მეტი გადავუხადო. ჩემი შემოსავალი გაყიდული პროდუქციიდანაა“, - აღნიშნავს ის.

დღეისთვის კომპანია Glenberries-ი 24 ჰა მარწყვის პლანტაციას, 17 ჰა-ზე გაშენებულ ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს სათბურებს და სამაცივრე-გადამამუშავებელ მრეწველობას მართვას, თუმცა ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო წარმოების გაფართოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები