მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტზე გასვლის გზებს ვეძებთ“ - დიზაინ სტუდია „დაჯე“

63ec6aa11b9b3
სალომე ხიდურელი
20.02.23 00:38
878
დიზაინ სტუდია „დაჯე“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ავეჯს აწარმოებს, ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს საწარმოს დამფუძნებელმა დავით ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია განვითარების საწყის ეტაპზეა და საბავშვო ავეჯთან ერთად სხვადასხვა ავეჯის წარმოებაზე მუშაობს, რისთვისაც ევროპულ ნედლეულს იყენებენ.

„კომპანია ჯერჯერობით განვითარების აწყის ეტაპზეა, გაერთიანებული გვაქვს დიზაინ სტუდია და ავეჯის საწარმო, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი საბავშვო ხაზზე გვაქვს, თუმცა კულისებში ნებისმიერი ტიპის ავეჯსა და დიზაინზე ვმუშაობთ. უკვე დაგეგმვის ეტაპზე ვართ და ექსპორტზე გასვლის გზებს ვეძებთ,“ - ამბობს დავით ბოჭორიშვილი, თუმცა რა მიმართულებით აპირებენ ექსპორტს ჯერ არ აკონკრეტებს.

საქართველოს ბაზარზე საუბრისას, „დაჯეს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კონკურენტუნარიან გარემოში მათი საწარმოს უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასებია.

„საქართველოში პროდუქციას „პატარა ბაზარსა“ და ავეჯის სახლ „საბაში“ ვყიდით, ასევე საკუთარი სარეალიზაციო სივრცე ონლაინ გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფასები ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია; ვატყობთ, რომ არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავეჯში (რაც ჩვენი ძირითადი მიმართულებაა), არამედ ზოგადად ავეჯის წარმოებაში მრავალ ბრენდს ვუწევთ კონკურენციას ამ მხირვ.

გამოწვევა, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვაწყდებით, ჩვენი განსხვავებული და სპეციფიკური დიზაინებისთვის სანდოობის მოპოვებაა, რადგან ბევრი ანალოგი არ გვყავს. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ყველას დავარწმუნებთ, რომ უმაღლესი ხარისხის ავეჯს ვაწარმოებთ“, - აღნიშნავს დავით ბოჭორიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „დაჯე“ ბაზარზე 1.5 წელია რაც გამოჩნდა. საწარმო კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს და სამ ადამიანს ასაქმებს. კომპანიის წლიური ბრუნვა კი 7 ათასიდან 10 000 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები