მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპრემიერი, სუსის ყოფილი უფროსი... - საჯარო სექტორში კორუფციულ დანაშაულზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი გაიზარდა

პროკურატურა

პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 230 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 155 იყო. გამოდის, რომ ერთ წელში მაჩვენებელი 32.6%-ით გაიზარდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად მუშაობდნენ საჯარო დაწესებულებებში მაღალი თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენაზე.

პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი. კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი [გიორგი გახარია], თავდაცვის მინისტრი [ჯუანშერ ბურჭულაძე], თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე [რომეო მიქაუტაძე], რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საჯარო სექტორში დასაქმებული 61 პირის მიმართ, მათ შორის, 2 მაღალი თანამდებობის პირი იყო.

2025 წელს ქრთამის აღების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 პირის მიმართ, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე – 6 პირის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის კი ბრალდებულია 23 პირი.

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც. კერძოდ, საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 84 პირის მიმართ გამოტანილია განაჩენი, ხოლო 2024 წელს 64 პირის მიმართ. „2025 წელს მსჯავრდებულ პირთაგან 6 მათგანი დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე“, - წერია პროკურატურის ანგარიშში

გასულ წელს კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელიც გაიზარდა. კერძოდ, საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა 125 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის შედეგებს 42 პირით აღემატება.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მაღალი რანგის 13 მოხელის მიმართ, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, საქართველოს პარლამენტის 6 წევრის [ოპოზიციონერი დეპუტატები] და სხვა მაღალი რანგის მოხელეთა მიმართ“ - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად, 2025 წელს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტი დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებით და სრულად. აღიჭურვა საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასევე, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულზე მუშაობის გამოცდილების მქონე პროკურორთა და გამომძიებელთა რაოდენობა.

2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად დაიწყო სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 182-ე (მითვისება-გაფლანგვა) და 1571 (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლებზე. ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 182-ე (მითვისება-გაფლანგვა) და 1 571 (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლებზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოძიების დაწყების ძირითადი წყაროებია: მოქალაქეების განცხადება/საჩივრები, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები და საჯარო დაწესებულებების შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, კორუფციულ დანაშაულად მიიჩნევა სსკ-ის 1641, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 203-ე, 220ე, 22-ე, 332-ე, 333-ე. (გარდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით); 337-ე, 338-ე, 339-ე, 339, 340-ე, 341-ე, 342-ე და 355-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები