საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომელიც 7 სხვადასხვა აქტში, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ინიციატივა შეიცავს საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებთან.
კერძოდ, იოსელიანის აპარატი მიუთითებს 316-ე პრიმა მუხლი დამატებაზე, პირველი მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტი კიდევ უფრო გამკაცრდა და გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი.
საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებაზე, რომლითაც დასჯადი ხდება „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ფორმულირებები ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის ზედმეტად ფართო შესაძლებლობას იძლევა.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
აპარატის განმარტებით, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან პროცესს და შეაფასებენ პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ რედაქციას. იმ შემთხვევაში, თუ კანონი კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდება, სახალხო დამცველი მზად არის სამართლებრივი ბრძოლისთვის.
„შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახალხო დამცველი სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, - აცხადებენ უწყებაში.




























