მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება - რა სანქციები წესდება „ექსტრემიზმისთვის“?

ოცნება

საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით – „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

ინიციატივის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირი სისტემატურად და საჯაროდ მოუწოდებს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ.

ამასთან, პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოაჩენს თავს ან სხვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად, ან ახორციელებს სხვა სახის სისტემატურ ქმედებას, რომელიც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს ან რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. იურიდიული პირის შემთხვევაში სანქცია იქნება ჯარიმა ან საწარმოს ლიკვიდაცია და ჯარიმა.

გარდა ამისა, ცვლილებებით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაც – თუ დანაშაული ჩადენილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით. ასეთ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მინიმალური ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის განსაზღვრულ მინიმუმს.

ცვლილებები კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე გააცნო.

როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ცვლილებების მომზადებისას საერთაშორისო გამოცდილება, კერძოდ კი გერმანიის პრეცედენტი იქნა გათვალისწინებული.

„მოიყვანეს გერმანიის მაგალითი, როცა პირები კონსტიტუციურ ორგანოებს და წყობილებას არ აღიარებდნენ. მათი გაერთიანება 20 ათას ადამიანს მოიცავდა. ისინი სხვებსაც მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ, რაც საფრთხეს უქმნიდა კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომაც დადგა ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის, ხოლო მათი ხელმძღვანელის, რომელიც თავს მეფედ წარმოაჩენდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მისივე მტკიცებით, კანონი არ შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას „პერფორმანსი სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩაითვლება. გაივლება მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის“.

გორდულაძემ ასევე კანონის მიღების მოტივაციაზეც ისაუბრა.

"მოქმედი კანონით, დასჯადი ქმედებაა კონსტიტუციური წყობილების დამხობა აქტიურ ქმედებაში განხორციელებული. სანამ დამხობამდე მივა საკითხი, არის მოწოდება კონსტიტუციური დამხობისკენ. ესეც დასჯადია, მოქმედი კანონით, ათწლეულია და ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პირები, სანამ ამ მოწოდებამდე მივლენ, ქმნიან აღქმას საზოგადოებაში, თითქოს არ არსებობენ კონსტიტუციური ორგანოები; არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობა; არ არსებობს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება – მაგალითად, საქართველოს არჩეული პარლამენტი. საბოლოო ჯამში ამ აღქმის შექმნის მიზანია, ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას ნოყიერი ნიადაგი.

სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, რომ არსებობენ პირები, რომლებიც სისტემატურად და სისტემურად არ ცნობენ კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წყობას და თავიანთი ქმედებებით სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს და არ ცნობენ დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს, რომ საქართველოში ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები