"კოლეჯებში მომართვიანობა ძალიან დაბალია, რადგან ექთნის პროფესია ძალიან დაბალ დონეზეა", - ამის შესახებ საექთნო ასოციაცია "ნუმანეს" დამფუძნებელმა განაცხადა. როგორც თამარ დაუსმა BMG-სთან აღნიშნა, ვინაიდან ქვეყანაში ექთნის პროფესიის აღქმა არ არსებობს, საექთნო კოლეჯში ჩაბარება არავის სურს.
"პროფესიის აღქმა ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, არავის უნდა, რომ საექთნო კოლეჯში ჩააბაროს. თუ საექთნო კოლეჯში აბარებენ, მათი ამოცანა ან საზღვარგარეთ წასვლა, ან კოსმეტოლოგიაში გადანაცვლებაა. სექტორში შესვლა განვითარების მხრივ ძალიან რთულია. განვითარებაც, პრაქტიკულად, უპერსპექტივოა და ინტერესიც დაბალია. უცხოეთში ბევრად უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, იქაურ საავადმყოფოებში ემოციურად ბევრად უკეთესად არიან, კარი როლი აქვთ, ცხოვრება გამოისწორეს. მათი დაბრუნება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნება, გამოცდილებას ჩამოიტანენ, მაგრამ მობრუნდებიან? არ ვიცი", - განაცხადა თამარ დაუსმა.
ნუმანეს" დამფუძნებლის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად კერძო-საჯარო დიალოგია საჭირო, სადაც ასევე ექთნების პრობლემებს მოისმენენ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ დარგის საჭიროებები კანონად უნდა აქციოს.
"პროფესია არ არის თვითკმარი არ რეგულირდება როგორც დამოუკიდებელი პროფესია. როდესაც რაღაც სფეროში ხარ და ეს სფერო აღიარებული არ არის და ადამიანებისგან არის ნამართი, რომლებიც ცდილობენ, რომ პროცესები შეცვალონ, რაღაც სტანდარტები დანერგონ, ამას ქაოსამდე მივყავართ. ქაოსში, დამეთანხმებით, მუშაობა ძალიან სტრესულია. ამ სტრესმა ექთნების ემოციური გადაწვა და სფეროს დატოვება ან სფეროში არ შემოსვლა გამოიწვია. კერძოს სექტორშია ძირითადი საავადმყოფოები. ამიტომ, ცუდად თუ კარგად, მათ აქვთ ნამართი. მათ შეუძლიათ დღევანდელი ამინდი დაგვანახონ. შემდეგ შემოდის უმაღლესი მარეგულირებელი, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც შეუძლია, სამომავლო გეგმები საკანონმდებლო ენაზე გადათარგმნოს. შემოდის დონორი ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, ძალიან დიდი რესურსი გამოყონ იმისთვის, რომ თუნდაც აკადემიური მასალა შეიქმნას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სტრუქტურას მივყვეთ", - აღნიშნა მან.