მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეეძლებათ - კანონის ამოქმედება გადავადდა

ექთანი

ექთნებს და მეან-ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობის უფლება 2025 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2026 წლის 1 სექტემბრამდე ექნებათ. კანონში შესაბამის ცვლილებაზე დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა იმსჯელა და მხარიც დაუჭირა. შედეგად, ექთნებს ერთი წლით გაუხანგრძლივდათ უგამოცდოდ საქმიანობის უფლება.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ზაზა ლომინაძემ განაცხადა, ჯანდაცვის შესახებ კანონში 2024 წლის თებერვალში ამოქმედებული შესაბამისი ცვლილების შემდეგ საჭირო ნაბიჯების გადადგმა ვერ მოესწრო, ამიტომ დამატებითი ღონისძიებები აუცილებელია, რის გამოც მნიშვნელოვანია ცვლილების ამოქმედების გადავადება.

„წინა მოწვევის პარლამენტმა ოთხ კანონში - ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, პროფესიული განათლების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში მიიღო ცვლილებები. ცვლილებების მიზანი იყო ექთნების და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნა. ეს კანონი უნდა ამოქმედებულიყო 2025 წლის 1 იანვრისთვის. ამის გარდა მთავრობას უნდა მიეღო გარდამავალი მომენტისთვის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც 2024 წლის ზაფხულის პერიოდამდე უნდა ყოფილიყო გამოცემული.

იმის გამო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ეხება სამედიცინო სფეროს, რომელიც გულისხმობს ექთნების და მეან-ექთნების მომავალ პროფესიულ განვითარებას, გადამზადებას, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესწავლას, ამასთანავე გამომდინარე ყველა იმ აქტის, რომელიც დაკავშირებული იყო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასთან, რომელიც გულისხმობდა ჩვენი სამედიცინო სფეროს ექიმების, ექთნების ევროკავშირში ინტეგრაციას და მათი დიპლომების ცნობადობას, გადასადგმელი იყო უამრავი ნაბიჯი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო. შესაბამისად, გამოვდივართ ინიციატივით გადავადდეს მისი ამოქმედება. სრული მზაობა ამისთვის დამატებით დროს მოითხოვს, რისთვის ვალდებულებები განისაზღვროს 2025 წლის 1 ივლისით, ნაცვლად 2024 წლის 1 აპრილისა, და 2025 წლის 1 იანვრისა. ხოლო სხვა ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს 1 წლით - ბაზაში სავალდებულო ავტორიზაცია 2026 წლის 1 იანვრამდე ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა. უგამოცდო საქმიანობის უფლების მოპოვება 2026 წლის 1 სექტემბრამდე, ნაცვლად 2025 წლის 1 სექტემბრისა. ამისთვის სფეროს და ჩვენს მეან-ქთნებს და ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ ამ პერიოდისთვის კიდევ გასწიონ დამატებითი ღონისძიებები, რათა არ შეიქმნას ექთნების და მეან-ექთნების დეფიციტი მათი სერტიფიცირების, გადამზადების პრობლემის გამო“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ცვლილების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა მოამზადოს რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული მოდული. 2026 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია.

ასევე, ცვლილებების თანახმად 2026 წლის 1 სექტემბრამდე ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია უნდა განხორციელდეს და სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა გაიცეს უგამოცდოდ.

ცნობისთვის, ექთანს და მეან-ექთანს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე საქმიანობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები