პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ექთნისა და მეანი ექთნის საქმიანობის რეგულირებას და პროფესიული განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი ყველა ექთანი, მეანი ექთანი და ექთნის თანაშემწე [ რომელსაც სისტემაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს], 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეესტრში დარეგისტრირდეს. 2025 წლის 1 იანვრიდან კი ყველა ახლადკურსამთავრებულს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ამასთან, კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება ექთნის კატეგორიებიც, რა მიმართულებით შეეძლებათ ამ პროფესიის ადამიანებს სპეციალიზება.
„კანონი დაადგენს პროფესიული განვითარების ეტაპებს, რას საგანმანათლებლო ეტაპების გავლა მოუწევს ადამიანს იმისთვის, რომ გახდეს ექთანი. შემოდის ექთნის სხვადასხვა კატეგორიები განათლების დონიდან გამომდინარე. თუ ადამიანს აქვს პროფესიული განათლება ის იქნება მოხსენიებული როგორც სერტიფიცირებული ექთანი, ადამიანს თუ აქვს ბაკალავრიატი დამთავრებული საექთნო მიმართულებით, მას დაერქმევა რეგისტრირებული ექთანი, უმაღლესი კატეგორიის ექთანი იქნება პირი, რომელსაც გავლილი ექნება მაგისტრატურა.
საექთნო და მეანი ექთნის მიმართულებით ასევე დადგინდება საექთნო სპეციალობები, როგორც არის დადგენილი ექიმის პროფესიის კუთხით. მაგალითად ანეზთეზიოლოგიის ექთანი, პედიატრიის ექთანი და ა.შ ეს უკვე კანონქვემდებარე აქტების დონეზე კონსულტაციების გზით გადაწყდება.
ვინც დღეს სისტემაში მუშაობს ექთნები, აქვთ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ანუ ეს არის კოლეჯდამთავრებული ექთნები, მათ ექნებათ რეგისტრაციის შესაძლებლობა, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ამ დოკუმენტის წარმოდგენას და რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროში. შემდეგ ამ რეგისტრაციის საფუძველზე ისინი გააგრძელებენ 5 წლის ვადით საქმიანობას. რაც შეეხება ახალკურსდამთავრებულებს, 2025 წლის 1 იანვრიდან მათ უკვე მოუწევთ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება“,-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი თქმით, ექთნებისა და მეანი ექთნების გარდა რეგისტრაცია მათ თანაშემწეებს და ასევე იმ ადამიანებისაც შეეძლებათ, რომლებიც სისტემაში არ არიან დასაქმებული.
„ექთნის თანაშემწე, რომელიც მუშაობს 3 წლის განმავლობაში სისტემაში, მასაც ექნება რეგისტრაციის შესაძლებლობა და შემდეგ მუშაობის გაგრძელების უფლება სერტიფიცირებული ექთნის სტატუსით.
დაახლოებით 20 000-მდე ექთანია ჩვენთვის ცნობილი, ვისაც აქვთ პროფესიული განათლების ან საბაკალავრო პროგრამები გავლილი, ამდენად მათი რეგისტრაცია იქნება მნიშვნელოვანი. რეგისტრაცია შეეძლება მათაც, ვინც არ არის სისტემაში დასაქმებული. შემდეგ ვიმსჯელებთ მის სამომავლო პროფესიულ კარიერასა და სისტემაში დაბრუნებაზე“, - განაცხადა bm.ge-სთან თამარ გაბუნიამ.