მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერაყი "ლუკოილის" მმართველობაში მყოფ ნავთობის საბადოს ამერიკულ კომპანიას გადააბარებს

ლუკოილი ერაყი

ერაყი ნავთობის იმ საბადოების ოპერირებისთვის, რომელსაც ამ დრომდე დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული "ლუკოილი" მართავდა, ამერიკულ კომპანიებს იწვევს. ამის შესახებ ქვეყნის ნავთობის მინისტრმა განაცხადა.

საუბარია ერაყის სამხრეთში მდებარე West Qurna 2-ის მართვის გადაბარებაზე. აღნიშნული საბადო, "ლუკოილის" მონაცემებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია.

ნავთობის სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მიიღო ყველა საჭირო ზომა, რათა სატენდერო წინადადებების წარსადგენად პირდაპირი და ექსკლუზიური წესით მოეწვია რამდენიმე მსხვილი ამერიკული ნავთობკომპანია". გამარჯვებული კომპანია ოპერატორის ფუნქციას "ლუკოილის" ნაცვლად შეასრულებს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ West Qurna 2-ის საბადოს მართვის ამერიკული ნავთობკომპანიისთვის გადაცემა ხელს შეუწყობს ორმხრივ ინტერესებს, გააძლიერებს გლობალური ბაზრის სტაბილურობას და შეინარჩუნებს ერაყის ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, "ლუკოილმა" ერაყთან საბადოს ათვისების კონტრაქტი 2009 წელს გააფორმა, მოპოვება კი 5 წლის შემდეგ დაიწყო.

გავრცელებული ცნობებით, "ლუკოილი" შესაძლოა ამერიკულმა ნავთობგიგანტმა, ExxonMobil-მა ჩაანაცვლოს.

22 ოქტომბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიმდინარე კვირას Lukoil-ს დამატებით დრო გამოუყო ტრანზაქციების განსახორციელებლად, ოპერაციების შესაწყვეტად და აქტივების გასასხვისებლად. OFAC-ის ინფორმაციით, აქტივების გასხვისების ბოლო ვადამ 13 დეკემბრამდე გადაიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები