მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანის რუსეთში ვიზიტი მარცვლეულის შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანი იქნება - თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი

პუტინი ერდოღანი

ხვალ, 4 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება. ერდოღანი კრემლის ლიდერთან შესახვედრად სოჭში გაემგზავრება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო თემა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება იქნება. როგორც ერდოღანის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, აკიფ ჩაგატაი კილიჩი ამბობს, თურქეთი ცდილობს მოსკოვის „მარცვლეულის შეთანხმებაში“ დაბრუნებას.

„ჩვენ ამ კუთხით წამყვან როლს ვასრულებთ. ვხედავთ ძლიერ მხარდაჭერას მთელი მსოფლიოდან მარცვლეულის კორიდორის ფუნქციონირებისთვის“, - აღნიშნა ერდოღანის მრჩეველმა და დასძინა, რომ შეთანხმების მიმდინარე სტატუსი იქნება ორშაბათის შეხვედრის მთავარი თემაც, - „ჩვენ ვფრთხილობთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ, ვინაიდან შექმნილი ვითარება მთელ მსოფლიოზე აისახება“.

ცნობისთვის, რუსეთმა ოდესის რეგიონში, მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევა განახორციელა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დუნაი უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტის მთავარი მარშრუტი იყო ივლისის შემდეგ, ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა.

შეგახსენებთ, უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა და რუსეთმაც მისი დატოვების შესახებ განაცხადა. ამასთან, მოსკოვი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები