„Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია საქართველოში ტურიზმის გადასახადის შემოღებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა.
1 ტურისტი - 1 ღამე - 1 ლარი - ეს არის თანხა, რომლის გადახდაც, შესაძლოა, საქართველოში მოგზაურობისას უცხოელ ტურისტებს მოუწიოთ, თუ ქვეყანაში ტურიზმის ადგილობრივი გადასახადი დაწესდება. "ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრებლის დანერგვა საქართველოში - რეგულირების ზეგავლენის შეფასება“ (RIA) - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
- ძალიან გამიხარდება, თუ საქართველოში შევწყვეტთ აპელირებას ისეთი ემოციური თემებით, რომ რა კარგია, თუ საქართველოში ტურისტი დამატებით გადასახადს გადაიხდის და ა.შ. არ გვაქვს საკმარისად ნაფიქრი, ეს ჯამში დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას თუ უარყოფითს. ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც ხშირად ვისმენდი ხოლმე და ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი, ეს არის ის, რომ სხვა ქვეყნებშიც არის ტურიზმის მოსაკრებელი და მერე რა მოხდა, თუ საქართველოშიც იქნება?! ამას ვინც ამბობს, არც აქვს ნაფიქრი, რომელ ქვეყანაშია ტურიზმის მოსაკრებელი და რატომ. მაგალითად, ტურიზმის მოსაკრებლის სახით ერთ-ერთი მაღალი გადასახადის შემოღებას ფიქრობდა ვენეცია და მას ჰქონდა მიზეზი - ვენეციას ჰყავს ჭარბი ტურისტი ანუ იმ რაოდენობის ვიზიტორი, რომ რეალურად ზიანს აყენებს ქალაქს. იმედი მაქვს, საქართველოშიც იმდენი ტურისტი გვეყოლება, ვიტყვით, რომ ზედმეტია, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს საქართველოში ჭარბი რაოდენობით ტურისტები შემოდიან. ვფიქრობ, პოტენციალი ბევრად მეტია და მეორე საკითხია - სად წავა მოსაკრებლის სახით მიღებული თანხა.
- რამდენადაც ვიცი, ტურიზმის გადასახადის შემოღების იდეა USAID-ის წიაღში სწორედ დანიშნულების მართვის ორგანიზაციების (DMO) დაფინანსების შესაძლო წყაროებზე მსჯელობისას გაჩნდა და შემდეგ მომაზდაა RIA…
- კარგი იქნება, თუ DMO-ები უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტ შედეგს გვაჩვენებენ.
- აქტიურობას სჭირდება დაფინანსებაც...
- ბუნებრივია; დაფინანსების წყარო მათ ყოველთვის სჭირდებათ, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, ტურიზმის მოსაკრებლის სახით აკრეფილი თანხით ეს მოხერხდეს, არ ვიცი. რეალურად, სიმბოლური 1 ლარი რამეს გააკეთებს თუ არა, ცალკე საკითხია...
- ჯამში, ტურიზმის გადასახადის შემოღებას არ ემხრობით?
- არ ვთვლი, რომ 1 ლარი უკეთესობისკენ რამეს შეცვლის, რადგან საკმარისი თანხა არ მოგროვდება იმისთვის, რომ DMO-ები დაფინანსდეს და ასევე ვერანაირ გარანტიას ვერ ვხედავ, მიღებული შემოსავალი სწორად დაიხარჯება.