1 ტურისტი - 1 ღამე - 1 ლარი - ეს არის თანხა, რომლის გადახდაც, შესაძლოა, საქართველოში მოგზაურობისას უცხოელ ტურისტებს მოუწიოთ, თუ ქვეყანაში ტურიზმის ადგილობრივი გადასახადი დაწესდება.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის შემდეგაც ყველა მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს, დააწესოს თუ არა ტურიზმის გადასახადი.
„ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრებლის დანერგვა საქართველოში - რეგულირების ზეგავლენის შეფასება“ - ასე ჰქვია 146-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
საიდან გაჩნდა საქართველოში ტურიზმის გადასახადის შემოღების იდეა?
„თავდაპირველად იდეა USAID-ის წიაღში ჩაისახა - დანიშნულების მართვის ორგანიზაციების (DMO) დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ იყო განხილული ტურისტული მოსაკრებელი; შემდეგ ეს თემა განვავრცეთ და გვქონდა კომუნიკაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან RIA-ს შემუშავების პროცესში; შემდეგ - ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთანაც, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კარგია, რომ გაკეთდა RIA და პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს - წინ უძღვის ანალიზი, შეფასება და რაც მთავარია, კერძო სექტორის აზრი“, - თქვა გიორგი გიორგობიანმა „წერტილში“.
კონკრეტული პრობლემები, რომელიც ტურიზმის გადასახადის შემოღებით უნდა გადაიჭრას
„ქვეყნის დატვირთულ ტურისტულ ზონებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად იმატებს ადგილობრივი საჯარო ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების, ა.შ. მოხმარება, მაგრამ ვიზიტორები უშუალოდ არ იხდიან ამ მოხმარების მოსაკრებელს, რის შედეგადაც ტურიზმი წარმოქმნის უარყოფით გარე ეფექტს, რისი ინტერნალიზებაც არ ხდება კერძო სექტორის მიერ. ამავდროულად ტურიზმიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი (სარგებელი) პირდაპირ არ უბრუნდება მუნიციპალიტეტებს გადასახადების სახით“, - წერია ამ თემაზე მომზადებულ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტში.
გარდა ამისა, გიორგი გიორგობიანი ფიქრობს, რომ ტურიზმის მოსაკრებელი დეცენტრალიზაციის პოლიტიკასაც შეუწყობს ხელს და ამასთან, მისი აზრით, სამართლიანია, არსებობდეს გადასახადი და ტურისტმა, რომელიც მოგზაურობს, თავისი წვლილი შეიტანოს იმ მუნიციპალიტეტის თუ ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-შენარჩუნებაში.
„მომავალში იმაზეც უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ ტურიზმის მოსაკრებლის სახით მიღებული თანხა აუცილებლად მოხმარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებას, ტურიზმისგან გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას და ა.შ. ვფიქრობთ, ტურიზმის ადგილობრივი გადასახადის შემოღება მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენციასაც გააჩენს, რაც კარგია“, - ამბობს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი.
რამდენი იქნება და ვინ გადაიხდის ტურიზმის გადასახადს?
- ერთი ღამე - 1 ლარი ერთ ადამიანზე - RIA მომზადებულია ამ განაკვეთზე - ამბობს გიორგი გიორგობიანი. ტურისტულ მოსაკრებელს კი, გადაიხდის უცხოელი ტურისტი (ვიზიტორი), რომელიც ფასიან დაბინავების ადგილებში/სასტუმროებში გაჩერდება.
ტურიზმის გადასახადის შემოღება ტურისტების რაოდენობას ხომ არ შეამცირებს?
- მე ვერ ვხედავ მსგავს რისკს და ვერც ვერავინ დამარწმუნებს... არანაირი საზომით არ შეიძლება ამ თანხამ ნეგატიური გავლენა იქონიოს ტურისტის გადაწყვეტილებაზე - წამოვიდეს თუ არა საქართველოში სამოგზაუროდ.
რას ფიქრობს ტურიზმის ბიზნესი ტურისტული გადასახადის შემოღებაზე?
RIA-ზე მუშაობის პროცესში ჩვენ გამოვკითხეთ განთავსების საშუალებების, სასტუმროების წარმომადგენლები და ღამის თევაზე 1 ლარი ერთ პერსონაზე იყო ოპტიმალური ოდენობა, რაც ბიზნესის აზრით, ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.
ვინ უნდა აკრიფოს ანუ როგორ მოხდება ტურიზმის გადასახადის ადმინისტრირება?
გადასახადის აკრეფა მოხდება ცენტრალიზებულად, რაც შემდეგ დაუბრუნდება მუნიციპალიტეტებს შემოსავლების სამსახურის მიერ. თითოეულ მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა რაოდენობის ეფექტური აღრიცხვისათვის მოეწყობა ერთიანი ტურისტული საინფორმაციო სისტემა (UTIS)“, - წერია RIA-ში, თუმცა როგორც გიორგი გიორგობიანი „წერტილში“ აცხადებს, ამ საკითხზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.
„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ უფრო რეალისტური იქნება, შემოსავლების სამსახურმა აწარმოოს ადმინისტრირება, თუმცა ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ, საერთაშორისო პრაქტიკას ვსწავლობთ და საბოლოო დასკვნას დავდებთ, რა იქნება საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი მოდელი. მაგალითად, ევროპული პრაქტიკის მიხედვით, ტურისტულ მოსაკრებელს ადმინისტრირებას და განკარგვას, ძირითადად, მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. მნიშვნელოვანია ასევე, მარტივი საინფორმაციო სისტემის აწყობა, რათა განთავსების საშუალებებს ტვირთად არ დააწვეთ მოსაკრებლის მიღება, რადგან ყველა ქვეყანაში სასტუმრო არის პასუხისმგებელი, რომ მიიღოს ეს თანხა და შემდეგ აწარმოოს ანგარიშსწორება, ვინც იქნება საბოლოო შემგროვებელი. ასევე, ყველაზე მარტივი მოდელია Booking.com-თან და Airbnb-სთან ხელშეკრულების გაფორმება, რათა ხელი შეუწყოს განთავსების გადასახადის ავტომატურ შეგროვებას“, - თქვა გიორგი გიორგობიანმა. ეს გულისხმობს პლატფორმის პროვაიდერმა შეაგროვოს ტურისტიდან შესაბამისი გადასახადები გადახდის დროს და შემდეგ დაუბრუნოს ისინი საგადასახადო ორგანოს, განთავსების პროვაიდერის უშუალო ჩარევის გარეშე. მაგალითად, Airbnb აგროვებს გადასახადებს ევროკავშირის ოთხი წევრის (საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და პორტუგალია) სახელით.
პირველ ეტაპზე, სად შეიძლება დაწესდეს ტურიზმის ადგილობრივი გადასახადი?
- ჩვენ გვქონდა საუბარი ბათუმის ხელმძღვანელობასთან და შევთანხმდით, რომ თუ განისაზღვრება ყველა დეტალი, ისინი პილოტირებისთვის მზად იქნებიან. დაინტერესება გამოთქვა თბილისმაც და ვვარაუდობ, ეს ორი ქალაქი იქნება პირველი, სადაც ტურიზმის მოსაკრებელი დაწესდება.
რა თანხა შეიძლება შეგროვდეს ტურიზმის მოსაკრებლის დაწესებით და რამდენად ღირს ის ახალი გადასახადის შემოღებად?
- RIA 2021 წელს ჩატარდა და 2023 წლისთვის პროგნოზი იყო, რომ თბილისში 8 მლნ ლარი იქნებოდა შემოსავალი ტურიზმის გადასახადის სახით, ხოლო ბათუმში - ₾5 მლნ, რომელიც წლიდან წლამდე გაიზრდებოდა, ვიზიტორების ზრდასთან ერთად. ეს არაა უმნიშვნელო თანხა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს თუნდაც ხელის შევლება გარკვეული ინფრასტრუქტურისთვის ან/და ტურისტების მოსაზიდად წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვისკენ მიმართოს ეს თანხა და ა.შ. დიახ, ისე გამოდის, რომ ახალ გადასახადს ვნერგავთ, მაგრამ ეს არ იქნება ბიზნესის ტვირთი - მოსაკრებელს გადაიხდის მომხმარებელი ანუ ტურისტი და თუ სწორ სისტემას დავნერგავთ და ბიზნესისთვის ადმინისტრირება მარტივი იქნება, მოსაკრებლის შემოღებას, ფაქტობრივად, არ აქვს უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი.
RIA მზად არის - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი/ როდის შეიძლება დაწესდეს საქართველოში ტურიზმის გადასახადი?
სპეკულირებას ვერ დავიწყებ; ჩვენი მხრიდან, ვადებზე ძალიან რთულია საუბარი, მაგრამ მზაობას ვხედავთ - რეფორმა უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს და იმედია, მალე განხორციელდება.