"დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" - USAID-ის პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელის ირინა წეროძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება განათლების სისტემას დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
"ჩვენ უკვე არაერთი წელია, ევროკავშირისგან ვიღებთ როგორც ტექნიკურ, ისე ფინანსურ დახმარებას სწორედ პროფესიული განათლების მიმართულებით. ევროპის სატრენინგო ფონდი თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარებებით მუდმივად გვიზიარებს იმ სიახლეებს, რომელსაც ნერგავს ევროკავშირი; სწორედ ეკონომიკის განვითარებისთვის, ინვესტიციებისთვის, რომელიც შეიძლება წამოვიდეს ევროპული ქვეყნებიდან, საჭიროა, განვითარებული ადამიანური კაპიტალი. პირველი კითხვა, რომელსაც ინვესტორები სვამენ ხოლმე, შეეხება სწორედ სამუშაო ძალის უნარებს, ამიტომ ჩვენი განათლების სისტემების, მათ შორის პროფესიულის, ევროპულთან დაახლოება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირინა წეროძემ.
მისივე შეფასებით, ძალიან სასიხარულოა, რომ Erasmus-ის პროგრამა გაიხსნა პროფესიული განათლებისთვის. "იმედი მაქვს, სტუდენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - დასძინა ირინა წეროძემ.
USAID-ის პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელმა „წერტილთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი პროფესიული მომზადების ცენტრების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.
- აუცილებელია, ადამიანებს, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ და აქვთ ერთი პროფესია, არ ეგონოთ, რომ ეს არის მათი ერთადერთი საქმიანობა, ამიტომ ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში უნდა იყოს შექმნილი გადამზადების ცენტრები, ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, რადგან ხშირად, ისინი დიდი ხნით ვერ ტოვებენ სახლებს.
- საქართველოში წერტილი რას უნდა დაესვას?
- ვფიქრობ, წერტილი უნდა დაესვას იმ სტერეოტიპულ აზროვნებას და მიდგომას, რომელიც აფიქრებინებს ადამიანებს, რომ მათ მიერ მოზარდობაში მიღებული პროფესია არის ერთადერთი პროფესია; ეს ასე არ არის, რადგან ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა რადიკალურად შეიცვალოს პროფესია.