მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა სომხეთისთვის სავაჭრო ლიბერალიზაციის დროებით ზომებს მხარი დაუჭირა

ევროკავშირი სომხეთი

ევროკავშირის საბჭო სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო ლიბერალიზაციის დროებითი ზომების შემოღებას დათანხმდა, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთის ეკონომიკას რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შემდეგ.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ეს ზომები შეღავათი იქნება სომხეთის ევროკავშირში ექსპორტის დაახლოებით 80%-ისთვის. რეგულაცია სომხური პროდუქციის ფართო სპექტრისთვის, მათ შორის სატარიფო კვოტების ქვეშ მყოფი შერჩეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის, იმპორტის გადასახადების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს. ზომები ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს და მოიცავს სომხეთის მიერ რუსეთში ახალი ხილის და ბოსტნეულის ექსპორტის თითქმის 99%-ს და სასმელებისა და სპირტიანი ნაწარმის 91%-ზე მეტს.

"ევროპა დგას სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით, რომლებმაც აირჩიეს რეფორმებისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო გზა. დღევანდელი გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია: როცა ეკონომიკური ზეწოლის წინაშე იქნება, ევროკავშირი ამაზე საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და დავუდგებით ჩვენს პარტნიორებს გვერდით", - განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ.

ცნობისთვის, შემოთავაზებული რეგულაცია მიზნად ისახავს სომხეთის მხარდაჭერას მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა შეაფერხა სომხეთის ექსპორტი და სატრანზიტო მარშრუტები. ის ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) შესაბამისად.

ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერის შემდეგ, დროებითი სავაჭრო შეღავათი ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები