23 სექტემბერს ერევანში დაგეგმილი ამერიკელი რეპერის Snopp Dogg-ის დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ მიიღო. განცხადებაშივე განმარტებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებებს უკავშირდება, რის შედეგადაც რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება Snopp Dogg-ის 23 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის გადადების შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიას და მძიმე სისასტიკეს ჩვენი თანამემამულეების მიმართ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც ბილეთები შეიძინა და მოუთმენლად ელოდა კონცერტს. ასევე გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ბილეთების მართვისა და ახალი კონცერტის თარიღის შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში “ანტიტერორისტული ოპერაცია” (როგორც ამას თავად უწოდებენ) 19 სექტემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო მთიან რეგიონში თავდასხმის შედეგად დაიღუპა. აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების დაწყებიდან 24 საათში რეგიონში დაიღუპა რამდენიმე ათეული და დაშავდა ასობით ადამიანი.
20 სექტემბერს კი, ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები, ყარაბაღის რეგიონში რუსეთის შეთავაზებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დათანხმდნენ. ყარაბაღში სომეხმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მხარემ სომხეთის თავდაცვის ხაზი გაარღვია და რამდენიმე სტრატეგიული საგზაო მონაკვეთი თუ ბორცვი დაიკავა ისე, რომ დარჩენილ მსოფლიოს არაფერი გაუკეთებია.