მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერევანში მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

მაკა ბოჭორიშვილი სომხეთში
30.01.25 10:50
1353

"ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

"ხაზი გაესვა, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობაზე და ტურიზმის მაღალ მაჩვენებელზე, რომლის თანახმადაც სომხეთი მესამე ადგილზეა საქართველოში ვიზიტორებს შორის.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატს, რომელიც მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგულარული დიალოგის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მაკა ბოჭორიშვილმა არარატ მირზოიანი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ", - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, დღეს სომხეთში ირაკლი კობახიძესაც ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები