მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა - მაკა ბოჭორიშვილი

3232
14.11.25 14:45
484

"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა. მან ამის შესახებ სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობები და თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

„საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის დიდ ისტორიას და ჩვენს ხალხებს შორის მყარ მეგობრობას ეფუძნება და სწორედ ამიტომაც, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2024 წლიდან დამყარდა ჩვენს ქვეყნებს შორის, არის სრულიად ლოგიკური შედეგი ამ ძირძველი ურთიერთობების.

2025 წელი დინამიკური იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხის მეგობრობა, ჩვენი ქვეყნების კავშირები სრულად არის ასახული პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს 2025 წლის აპრილში, საქართველოში გამართული საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების საქმეში და კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში.

„საქართველო მიესალმება 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ხოლო ტურიზმის მიმართულებით - პირველ სამეულშია. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.

ეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, არარატ მირზოიანი ასევე შეხვდება მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები