მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერევანში საქართველო-სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტის ერთობლივი გამოყენების პროექტი განიხილეს - RS

შემოსავლების სამსახური
25.07.25 14:49
462

24 ივლისს, ქალაქ ერევანში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვები პუნქტის ერთობლივი გამოყენების პროექტი განიხილეს.

უწყების გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი საქართველოს საზღვარზე სომხური ექსპორტიორი კომპანიების მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შეფერხებით გატარების საკითხზე, რომლის შესახებაც სომხური კონიაკის მწარმოებლები გაზაფხულიდან, შემდეგ კი ბუნებრივი აირის სომხურმა იმპორტიორი კომპანიები საუბრობდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩოკოშვილმა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამსონ ურიდიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობდნენ.

"სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ფიზიკური პირების/სატრანსპორტო საშუალებების მიერ, საზღვრის კვეთის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და 2013 წლის 17 იანვარს დადებული „სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მხრიდან ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩოკოშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრა სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და გაზრდილი ტვირთნაკადის პირობებში კანონიერ ვაჭრობას", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით.

აღნიშნული უწყებათაშორისი ვიზიტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გაიმართა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები