შვედური სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის გიგანტის, Ericsson-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბორიე ეკჰოლმმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, კომპანიაში მას ამ პოსტზე აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, პერ ნარვინგერი შეცვლის. გადაბარების პროცესი კი ოფიციალურად სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მომავალი წლის ივნისამდე ახალი დირექტორის მრჩევლა დარჩება. შემდგომ კი ეკჰოლმი კორპორაციის დირექტორთა საბჭოსაც დატოვებს. თავად ეკჰოლმს არ დაუკონკრეტებია გადადგომის მიზეზი.
გამოსამშვიდობებელ წერილში 63 წლის ეკჰოლმმა დაწერა, რომ მან რთული ფინანსური პერიოდის მიუხედავად კორპორაცია გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერად აქცია და ის ამით ყოველთვის იამაყებს.
რაც შეეხება მომავალ ხელმძღვანელს, ის კომპანიაში მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გარდამქმნებს აანონსებს. კერძოდ, პერ ნარვინგერს სურს, Ericsson-ი ხელოვნური ინტელექტისა და მოწინავე საკომუნიკაციო სისტემების განვითარების ლიდერად აქციოს და მომხმარებელს საუკეთესო სერვისი შესთავაზოს. ნარვინგერის განცხადებით, ტექნოლოგიური პროცესების ინდუსტრიალიზაცია უკვე სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს და ამ მხრივ სატელეკომუნიკაციო კომპანია ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება.
აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტში ცვლილებებას საფონდო ბირჟა დადებითად შეხვდა. კერძოდ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Ericsson-ის აქციების ფასი 0.6%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $12.28-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $40.58 მილიარდს შეადგენს.
შეგახსენებთ, ბორიე ეკჰოლმი Ericsson-ს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.




























