ნორვეგიელი შემტევი ერლინგ ჰალანდი “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტს 9,5 წლით, 2034 წლამდე ახანგრძლივებს. ინფორმაცია "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ სოციალურ ქსელში დაადასტურა.
თავდაპირველად ჰალანდმა ხელშეკრულება 2022 წელს ხუთი წლით გააფორმა, რა დროშიც 97,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო. ჯერჯერობით ახალი შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 227 მილიონ ევროს გადააჭარბებს და ნორვეგიელი წლიურად დაახლოებით 23 მილიონს მიიღებს.
მეორე მხრივ, გავლენიანი სატრანსფერო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტრაქტი სრულად 2029 წლიდან ამოქმედდება.
ხელშეკრულების ამოწურვისას ერლინგის ასაკი 34 წელი იქნება და გამოდის, რომ კარიერის ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ინგლისურ გრანდში გაატარებს და ეს იმის ფონზე, რომ მისი შეძენით “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და სხვა გრანდები ინტერესდებიან.
"მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად კლუბს, პეპ გვარდიოლას და მის სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით დამეხმარნენ. განვითარების და უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბების სურვილი მამოძრავებს, ამიტომაც მსურს გავაგრძელოთ მუშაობა და წარმატების მიღწევა" - განაცხადა ერლინგ ჰალანდმა
“სიტი” ტრავმებისგან გამოწვეული კრიზისის გამო, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს. მათ უკვე 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ “აინტრახტიდან” ომარ მარმუში და “ლანსიდან” 50 მილიონად აბდუკოდირ ხუსანოვი გაიფორმეს.
ცნობისთვის, სამ სეზონში ჩატარებულ 126 თამაშში ნორვეგიელ შემტევს 111 გოლი აქვს გატანილი და პრემიერ ლიგის ოქროს ბუცის მოპოვება უკვე ორჯერ მოახერხა.




























