მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკში შესული ნაღდი ფული 14-დღიან კარანტინს გაივლის

5e6bd6458b5e8
თამთა ჯიჯავაძე
13.03.20 22:45
7708
მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში. მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგი სახის საკარანტინო ზომებს:

"საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით - www.moneymuseum.nbg.gov.ge;

2020 წლის 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში.

დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში", - წერია ინფორმაციაში.

ამასთან, სები-ი მოსახლეობისთვის რეკომენდაციებსაც ავრცელებს:

"ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.

ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).

შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.

შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები