მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი - დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრებას ასახავს, სებ-ს არ აქვს

5db1ccef814ce
შოთა ტყეშელაშვილი
24.10.19 20:06
1388
საქართველოს ეროვნული ბანკი "პროგრეს ბანკის" აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სებ-ი აღნიშნავს, რომ "დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრების თემას უკავშირდება, საქართველოს ეროვნული ბანკს არ აქვს.

"მედიაში დღეს გავრცელებული აუდიტორული კომპანია "დელოიტის" წერილი ეხება სს "თიბისი ბანკის" მიერ სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს და არანაირი კავშირი არ აქვს "პროგრეს ბანკის" გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მედიაში გავრცელებული ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრების თემას უკავშირდება, საქართველოს ეროვნული ბანკს არ აქვს. ჩვენ მივმართეთ "თიბისი ბანკს", თუკი მათთან არსებობდა მსგავსი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაეცათ პროკურატურისათვის და მოეწოდებინათ ეროვნული ბანკისათვის. თუმცა, "თიბისი ბანკმა" დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის მქონე აუდიტორული დასკვნა "თიბისი ბანკს" არ მიუღია და, შესაბამისად, არც გააჩნია.

ეროვნული ბანკისა და საფინანსო სისტემის მისამართით გამოთქმული მსგავსი უპასუხისმგებლო და მიზანმიმართულად არასწორი განცხადებები წარმოადგენს საფინანსო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ, "პროგრეს ბანკის" აქტივების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია "მთავარი” არხის მიერ გავრცელებული დოკუმენტი არის ტექნიკური და კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან. 

“ეს არის “დელოიტის” დოკუმენტი, რომელიც არის ტექნიკური დოკუმენტი და არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას. ეს დოკუმენტი არის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამოწმების ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს დოკუმენტი, როცა ვნახეთ დღეს, დღესვე გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს,- განაცხადა ბუცხრიკიძემ. 

რამდენიმე კვირის წინ „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელი, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი მტკიცებით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო, თუმცა "პროგრეს ბანკის" აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი. 

ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ. 

განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც: 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია, - ამის შესახებ კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იტყუება და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ჩატარებულა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები